მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გახარია საქართველოსთვის" მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით გამოდის

ქეთევან ბაკარაძე

საპარლამენტო უმცირესობა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით გამოდის, რისთვისაც მათ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს. ამის შესახებ ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას ისაუბრა.

"სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობის შრომის ანაზღაურება კი იმდენად დაბალია, რომ ცხოვრებისთვის საჭირო საბაზისო მოთხოვნებსაც კი ვერ უზრუნველყოფს", - განაცხადა ბაკარაძემ და განმარტა:

"თავად კონსტიტუცია ამბობს, რომ ადამიანს აქვს ღირსეული შრომის უფლება. როგორ შეგვიძლია დავარქვათ შრომას ღირსეული, როცა საქართველოში 280 000-მდე ადამიანი 900 ლარზე ნაკლებს იღებს ანაზღაურების სახით, აქედან დაახლოებით 170 000 - 500 ლარზე ნაკლებს. ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული სტუდენტების საკითხი, რომლებიც სწავლის საფასურის დასაფარად იძულებულნი არიან დათანხმდნენ ურთულეს პირობებს და ხშირად ღამის ცვლაშიც იმუშაონ. მომსახურების სფეროში დასაქმებულების, შრომითი უფლებები ხშირად იმდენად უხეშადაა დარღვეული, რომ ეს შრომით ექსპლუატაციას უფრო ჰგავს.

თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის სტანდარტის დადგენა. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შრომის კოდექსსა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში, სადაც მინიმალურ შრომით ანაზღაურებად განისაზღვრა 1000- 1100 ლარი. ცვლილების მიზანია სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. მინიმალური ხელფასის დანერგვა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობას და ფინანსური რისკებისგან დაცულობას", - განაცხადა ბაკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები