მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გახარია საქართველოსთვის" საჯარო და კერძო სექტორში 1 050 ლარის ის მინიმალური ხელფასის კანონპროექტი წარადგინა

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკურმა პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომელიც მიღების შემთხვევაში ქვეყანაში 1050 ლარის მინიმალურ ხელფასს დააწესებს. ცვლილება შეეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებს. საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

"1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 (ათას ორმოცდაათ) ლარზე ნაკლები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,"- ნათქვამია შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში.

კანონპროექტის ინიციატორის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, გასულ წელს 340,000 ადამიანს დაუფიქსირდა თვეში 1000 ლარზე ნაკლები ხელფასის მიღება, საიდანაც 100,000 პირი საჯარო სექტორში იყო დასაქმებული. კანონპროექტის განმარტებითი თანახმად, საჯარო სექტორში მინიმალური ანაზღაურების 1050 ლარით განსაზღვრა ბიუჯეტს 112 მილიონი ლარი შეიძლება დაუჯდეს. რაც შეეხება კერძო სექტორს, აღნიშნული დანახარჯის კალკულაცია დოკუმენტს არ ახლავს, თუმცა აღნიშნულია რომ ჯამურად ცვლილება საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის შემოსავალს წლიურად 278.6 მილიონი ლარით გაზრდის.

"აღნიშნული ცვლილების მიზანია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ შრომით ურთიერთობებში მინიმალური შრომის ანაზღაურების დანერგვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მინიმალური ხელფასის დანერგვა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ ხელშეწყობას, ანაზღაურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის გაწეული შრომის ღირსეულ ანაზღაურებას. შრომით ურთიერთობებში აღნიშნული ინტერვენციის საჭიროება ასევე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებიდან, რომლებიც ადგენენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ადამიანების სოციალურ დაცვაზე. მინიმალური ხელფასი შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს იცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. ახალი სახელფასო ბარიერი აწესებს სამართლიან კონკურენციის პირობებს შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარისთვის,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

არსებული მდგომარეობით კერძო სექტორისთვის მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არაა. რაც შეეხება საჯარო სექტორს, აქ დასაქმებულთა საბაზო ანაზღაურება 2026 წლის მდგომარეობით თვეში 1600 ლარით განისაზღვრება. თუმცა, ტერმინი "საჯარო მოსამსახურე" ავტომატურად არ გულისხმობს ყველას ვინც საჯარო სექტორში არის დასაქმებული. მაგალითად აქ არ შედიან პედაგოგები, სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული ტექნიკური პერსონალი და დამლაგებლები, ასევე მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები და სსიპ-ებსა და აიპ-ებში სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულები. შესაბამისად, პოლიტიკური პარტია "გახარია საქართველოსთვის" მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის ინიციატივით გამოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები