„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური გუნდი მხარს არ დაუჭერს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ინიციირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით გახდება შესაძლებელი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონის პროექტი დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა წარმოადგინა, რის შემდეგაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ პარტიის პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ ეს კანონი, „ოცნებამ“ საქსტატის დღეისთვის მოქმედ ხელმძღვანელს გოგიტა თოდრაძეს მოარგო, რომელიც 8 წელიწადია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზეა.
„თქვენ ამ ცვლილებას პროფესიონალიზმის ფაქტორით ხსნით ხომ. ახლა ეს წესი, დემოკრატიულ წყობაში, შემთხვევით არ არის შემოღებული და მარტო საქსტატის ხელმძღვანელს არ ეხება ხომ, დამეთანხმებით. პრეზიდენტს ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ასე შემდეგ. ეს მექანიზმი შემთხვევით არ არის ჩადებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ერთი პირის ხელში არ მოხვდეს ძალაუფლება. რვა წელი არ არის ცოტა და პირდაპირ რომ გითხრათ, ეს ინიციატივა ამ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივას უფრო გავს, ვიდრე რაღაც კეთილშობილურ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც წესით, ზოგადად, პროცესების გაჯანსაღებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი გუნდის მხრიდან ეს ცვლილება ნამდვილად ვერ იქნება მხარდაჭერილი, რადგან პირდაპირ მიუთითებს კიდევ ვიმეორებ იმას, რომ ეს ინიციატივა ემსახურება კონკრეტულად ამ ადამიანს [გოგიტა თოდრაძეს], ვინც წარმოადგენს უკვე საქსტატს ამდენი წლის განმავლობაში.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია საქსტატის მუშაობასთან დაკავშირებით, რამდენად ხდება მანიპულაცია ოფიციალური ინფორმაციით და როგორც ჩანს, თქვენ განზრახული გაქვთ, რომ ამ ადამიანმა, რომელიც რვა წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ, ერთგულად ემსახურება „ოცნებას“, ასე მარტივად გააგრძელოს თქვენი პოლიტიკური დავალებების შესრულება. პროფესიონალიზმთან ამ ინიციატივას, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს. თუ იმასაც აპირებთ, რომ სხვა არჩევითი თანამდებობის პირებიც, ამ ვადაზე გადაიყვანოთ, მათ შორის პრეზიდენტები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა არჩევითი პირები, ესეც გვითხარით“, - მიმართა შარაშიძემ მომხსენებელს. რაზედაც ლევან მაჭავარიანმა ასე უპასუხა: „პრეზიდენტს და თქვენ, როგორც ბრძანეთ, მოსამართლე თუ პრემიერ-მინისტრს, რაც არის დემოკრატიული პრაქტიკა, ცოტა მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე საქსტატის ხელმძღვანელს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე განსხვავება არის ძალაუფლებასა და გავლენაში“.
„ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას კითხვით უპასუხა და დაინტერესდა, რას გულისხმობს საქსტატთან მიმართებით არსებულ კითხვის ნიშნებთან მიმართებით. „საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ მონიტორინგს“, - განმარტა მაჭავარიანმა.




























