მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღე სწავლის 100%-იანი დაფინანსება - GAU-ს სტუდენტების რჩევები

საქბანკი
27.06.24 17:56
34

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, 20-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, თუმცა პარტნიორი უნივერსიტეტების და გამარჯვებულების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

პარტნიორებს შორის ერთ-ერთია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ). ამ ბლოგში კი გაგაცნობთ გაუ-ს იმ სტუდენტების შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საქართველოს ბანკის სტიპენდია.

მთავარია, ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების

"სასტიპენდიო კონკურსი არ იყო მარტივი, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად თავი უნდა გაართვა გასაუბრების პროცესს და არგუმენტებით დაამტკიცო, რომ ღირსეული კანდიდატი ხარ. გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ მონდომება ყველა ბარიერზე ძლიერია. ასე რომ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი“, - ამბობს ელენე ნემსიწვერაძე, ინფორმატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

პირველ კურსზე, მედიახელოვნების მიმართულებაზე სწავლობს კიდევ ერთი სტიპენდიატი, ნინო გუგულაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ საკუთარი თავის რწმენა და ეჭვების დაძლევა სწორედ ის არის, რაც წარმატების მიღწევის შესაძლებლობას გაძლევს:

"დასახულმა მიზნებმა და სურვილებმა არ მომცა საშუალება, დამეკარგა იმედი. თავიდან ეჭვი მეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არაფერია შეუძლებელი და ცდა ყოველთვის ღირს”.

თათია იაკობიძე, ინგლისურენოვანი ბიზნეს-ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტი კი კომფორტის ზონიდან გამოსვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
,,ხშირად ნერვიულობის ფონზე გვგონია, რომ რაღაც არ გამოგვივა, ვერ შევძლებთ, თუმცა ეს ასე არ არის. კომფორტის ზონიდან გამოსვლა აუცილებელია წარმატებისთვის. უნდა გავიაზროთ, რომ ყოველთვის ის ადამიანები იმარჯვებენ, რომლებიც არ ნებდებიან”.

დიადი მიზნები და განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა

,,ხშირად მესმის, რომ განათლება და სპორტი ერთად შეუძლებელია გამოგივიდეს, ეს მცდარი შეხედულება მოტივაციას მაძლევს, რომ ყველას დავუმტკიცო, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს! სწავლის პროცესი სასიამოვნო და მარტივია, როდესაც შენი საქმე გიყვარს, აბიტურიენტებსაც სწორედ ამას ვურჩევდი, აუცილებლად იპოვეთ და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი მიმართულება”, - ამბობს ნიკა არაბული, რომელიც მშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობს და ამავდროულად საბრძოლო სპორტითაა დაკავებული, გეგმავს, MMA-პროფესიონალი მებრძოლი გახდეს.

ლუკა ქლიბაძე, გაუს სამართლის ფაკულტეტის, მესამე კურსის, სტუდენტი კი ამბობს, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა არის საკუთარი უნარების გამოცდისა და განვითარების შესაძლებლობა.

„სტიპენდიას არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მოტივაციისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, გიჩნდება განცდა, რომ შენი შრომა ფასდება და გინდება, უფრო მეტი გააკეთო. სტუდენტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად სცადონ ბედი, სტიპენდიის მოპოვების ან ვერ მოპოვების შემთხვევაში იძენთ გამოცდილებას, რომელიც გეხმარებათ მომავალში უფრო მარტივად და დაძლიოთ კონკურენცია”, - ამბობს ის.

პატარა მიღწევები დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ელენე სომხიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მოპოვება შეძლო, საქართველოს ბანკის სტიპენდია კი დარჩენილ გადასახადს სრულიად დაფარავს:

,,დასაფასებელია, რომ აკადემიური მოსწრების გარდა, კონკურსში გასაუბრების ეტაპიცაა, სადაც შეგიძლია გამოავლინო შენი უნარები და პოტენციალი. თავდაჯერებულობა მაკლია და კონკურსში გამარჯვებაც მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, მგონია, რომ ასეთი მიღწევები დამეხმარება უფრო მეტად ვირწმუნო საკუთარი თავის და არ შევუშინდე გამოწვევებს”, - განმარტავს ელენე სომხიშვილი.

,,სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის ამაღელვებელი იყო. ძალიან გამიხარდა და გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც ვიგრძენი, რადგან ამდენ კანდიდატს შორის მე ამარჩიეს. სხვებს ვურჩევდი, რომ თუ რამე არ გამოსდით, საკუთარი თავის გაკრიტიკების ნაცვლად, გაუმჯობესებაზე და განვითარებაზე იმუშაონ”, - ამბობს მარიკა გულბიანი, ინგლისური ფილოლოგიის მესამეკურსელი.

და ბოლოს, გახსოვდეთ, შესაძლებლობები უსაზღვროა

,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია, გამოვიყენოთ და არასდროს შევწყვიტოთ განვითარება, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ზუსტად ამას ვურჩევ, ეცადეთ ყველა შანსი გამოიყენოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი”, - ამბობს ლუკა ჯაყელი, რომელიც ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებაზე, მესამე კურსზე, სწავლობს. მან უკვე მოახერხა და ერასმუსის პროგრამით პოლონეთში გაემგზავრა სასწავლებლად 5 თვით, პირველ კურსზე კი SAT გამოცდაში, რომელიც მთავარი მისაღები გამოცდაა ამერიკულ უნივერსიტეტებში, სტუდენტების 95%-ზე მაღალი ქულა აიღო. თუმცა, ამბობს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და დასახული მიზნების მიღწევაში საქართველოს ბანკის სტიპენდიაც დაეხმარება.

თუ არ გსურთ გაუშვათ ხელიდან სასურველ პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის სტიპენდიისა და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები