პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი ჭიათურაში გაიმართება, გამარჯვებული კი RoboCup 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში გაემგზავრება.
რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ამისათვის კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 4 მაისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/kyEU0
შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან. უშუალოდ წევრების გარდა საჭიროა, გუნდს ჰყავდეს სრულწლოვანი მენტორი.
კონკურსში მონაწილე გუნდის მიერ შექმნილი რობოტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- რობოტის კონსტრუქციის მაქსიმალური დასაშვები ზომებია - 20x20x20 სმ.
- რობოტი უნდა იმართებოდეს/კონტროლდებოდეს ავტომატურად. დისტანციურად, ხელით, ინფორმაციული (სენსორით, კაბელით და ა.შ) მართვა აკრძალულია.
- ყველა რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სახელურით ისე, რომ მისი გადაადგილება შეიძლებოდეს მისი დაზიანების გარეშე.
- რობოტს უნდა ჰქონდეს ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი მსაჯისთვის მკაფიოდ ხილულ ადგილას, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული გაშვებისა და დასრულების დროს.
კონკურსის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება. შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-16 ივნისს, გერმანიაში, ჩატარდება.