"გალერია თბილისს" 90-ნომრიანი სასტუმრო დაემატება,- ამის შესახებ bm.ge-ს სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, სასტუმრო ფუნქციონირებას დაახლოებით წლის ბოლოს დაიწყებს.
„ამჟამად ათვისებული გვაქვს 87%, რემონტი მიმდინარეობს 5%-ზე და უახლოეს მომავალში გაიხსნება ქართული, აზიური და იტალიური რესტორნები. ასევე, გაიხსნება ახალი ბრენდები. გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდთან, რომლებიც საქართველოში არ არის და უახლოეს თვეებში შემოვა ქვეყანაში.
ამასთან, „გალერია თბილისის“ გარდა ჩვენ გვაქვს დამატებითი შენობები, მაგალითად უკანა მხარეს გვაქვს საოფისე შენობა, რომელიც უახლოეს 5 თევში ფუნქციონირებას დაიწყებს. ასევე, გალერიის თავზე არის დამატებით 2 სართული, რომელშიც განთავსდება 90-ნომრიანი სასტუმრო“,- აცხადებს ნიკა ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა ბრენდის სასტუმრო გაიხსნება სავაჭრო ცენტრში.
მისივე თქმით, სრულად „გალერია თბილისში“ ჩადებული ინვესტიცია 100 მილიონი დოლარი იქნება.