მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გალფი" წელს სომხეთში გაფართოებას და დამატებით 20 სადგურის აშენებას გეგმავს

გალფი სომხეთში

"გალფი" მიმდინარე წელს სომხეთში მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს. როგორც "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას, "გალფის" გენერალურმა დირექტორმა, ქრეიგ სთივენ კრამერმა განაცხადა, ამჟამად სომხეთში უკვე 10 ობიექტი აქვთ, წლის ბოლომდე კი, 30-მდე გაზრდა იგეგმება.

"სომხეთში გაფართოების სტრატეგია გამოწვევებით იყო აღსავსე და ძალიან გვიხარია, რომ ამ ძალისხმევას უკვე შედეგიც გამოაქვს. ამჟამად სომხეთში 10 ობიექტი გვაქვს. წლის ბოლომდე ვგეგმავთ 30-მდე გაზრდას, ანუ წელს 20 სრულყოფილი Gulf Store-ის და სადგურის აშენებას ვაპირებთ. ძალიან მალე, "გალფ კლუბი საქართველოს" მომხმარებლები შეძლებენ ქულების გამოყენებას სომხეთში და პირიქით - თითქოს, საზღვრები არ არსებობდეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კავკასიაში ასეთი რეგიონული ბრენდი ყალიბდება", - აღნიშნა კრამერმა BMG-სთან ინტერვიუში.

"გალფის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიის გაფართოების გეგმებში მხოლოდ სომხეთში არ შედის. მისივე თქმით, "გალფი" ძალიან ახლოსაა ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლაზე შეთანხმებასთან. თუმცა მან ჯერჯერობით ქვეყანა არ დააკონკრეტა.

"„გალფი“ უკვე რეგიონული ბრენდი ხდება, რაც ჩვენი ქართული გუნდის დამსახურებაა. ძალიან ვამაყობთ მიღწეულით. ცენტრალური აზია ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება. სხვა ქვეყნები და კომპანიებიც უყურებენ ჩვენს წარმატებას საქართველოში და ამბობენ: "ჩვენც გვინდა ის, რაც თქვენ გაქვთ"", - ამბობს ქრეიგ სთივენ კრამერი.

მისივე თქმით, ის კომპანიას მომდევნო ხუთ წელიწადში ხედავს, როგორც დომინანტ ბრენდს მთელ კავკასიაში. "დარწმუნებული ვარ, შევძლებთ იმის გამეორებას და გაუმჯობესებას სხვა ქვეყნებშიც, რაც საქართველოში გავაკეთეთ. ამიტომ მჯერა, რომ წინ შესანიშნავი მომავალი გველის", - დასძინა მან.

ცნობისთვის, "გალფი" სომხეთის ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში შევიდა. საქართველოში კი ამ ეტაპზე კომპანიას 150-ზე მეტი ბენზინგასამართი აქვს. მათ უმრავლესობაზე - 122 სადგურზე მოქმედებს Gulf Store-ის მაღაზია. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების პროდუქცია, ყველა საჭირო პროდუქტი, რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს მგზავრობისას, ასევე გალფის ექსკლუზიური პროდუქტები, როგორიცაა გალფის ჰოთ-დოგი, გალფის ენერგეტიკული სასმელი, ყავა, სენდვიჩი, ნაყინი და სხვა.

"გალფს" ამჟამად 3000-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. შედარებისთვის, 2020 წელს მათი რაოდენობა 1200 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები