მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.7-ზე შენარჩუნდება

5d09d7d374a5b
დავით ჯალაღონია
19.06.19 11:15
2364
Galt & Taggart წელს ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნებას პროგნოზირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს Galt & Taggart-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

"ამ ეტაპზე ქვეყანაში ფასების დონეს რომ გადავხედოთ, ინფლაცია მომატებულია - 4.7%-ია მაისში, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული, ძირითადად, თამბაქოს აქციზის ზრდა არის აქ. წელს ველოდებით, რომ საშუალოდ, 4% იქნება ინფლაცია, რაც მიზნობრივ - 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა მომავალი წლიდან, რაც თამბაქოს ფასების ზრდა ამოიწურება, ვფიქრობთ, რომ ინფლაცია მიზობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ლარის კურსს, ანალიტიკოსის შეფასებით, სახეზეა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესება, რამაც მომავალი წლიდან ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა განაპირობოს.

"რაც შეეხება ლარის კურსს, აქ მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ფაქტორები. რაც ჯანსაღია და გაუმჯობესება გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა ხუთ თვეში - ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, იმპორტი კი კლებას განაგრძობს და ზოგადად, ბალანსი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ზრდის ტემპები და ინფლაციაც სახარბიელოა, რამაც ლარის კურსის გამყარება უნდა გამოიწვიოს, თუმცა ამ ეტაპზე 2.7-ის ნიშნულშია და ვფიქრობთ, წელს საშუალოდ, ამ დონეზე ვპროგნოზირებთ ლარი-დოლარის კურსს, მაგრამ მომდევნო წლიდან - საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას და ვფიქრობთ, რომ მომავალ ორ წელიწადში, საშუალოდ ლარის კურსი დოლარის მიმართ, ამ ეტაპზე რა პროგნოზიც გვაქვს, 2.5-2.6 ნიშნულზე გამყარდება", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია, ანალიტიკოსის აზრით, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი გავლენა ამ ეტაპზე ლარის გაცვლით კურსზე არ აქვს.

"ეს (FDI) არის წინასწარი მონაცემები. რა თქმა უნდა, გავლენა (კურსზე) აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ნაკადებში იმდენად მაღალი შემოდინებაა, რომ ამ ინვესტიციების კლებას ამ ეტაპზე აკომპენსირებს. მთავარია, მომავალში რა მოხდება. ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები