რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მიმართულებას, 8 ივლისს ამოქმედებული ავიასანქციების შედეგად, ივლისში რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 6.4%-ით იკლო. თვის განმავლობაში რუსეთიდან სულ 159,063 საზღვრის კვეთა აღირიცხა. აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.
Galt & Taggart-მა გააკეთა წინასწარი შეფასება იმის შესახებ, თუ რა ფინანსური შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ამ ვიზიტორებისგან. Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ თვის განმავლობაში, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა დაახლოებით, $428 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ანუ $5 მილიონით ნაკლებია. სამყურაშვილი განმარტავს, რომ ამ შემცირების მიზეზს რუსი ტურისტების რაოდენობის კლება წარმოადგენს.
“ივლისის თვეში ტურისტული სფეროს შემოსავალი ჩვენი წინასწარი შეფასებით იყო $428 მილიონი დოლარი. ეს არის დაახლოებით, 1%-იანი შემცირება წინა წელთან შედარებით.
ტურისტების რიცხვი კი არის გაზრდილი 1%-ით, მაგრამ ბევრი რუსი ვიზიტორი მოაკლდა და ზრდა იყო მაღალი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ეს ვიზიტორები საშუალოდ კიდევ უფრო ცოტას ხარჯავენ, ვიდრე - ვიზიტორები რუსეთის ფედერაციიდან. შესაბამისად, დავთვალეთ, რომ კლება იყო საერთო ჯამში. რუსების ნაცვლად რომ არის ზრდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, ამ სხვა ქვეყნებმა შეავსო რუსეთის დანაკლისი. 1%-იანი ზრდის მიუხედავად, ხარისხობრივად განსხვავებული გადანაწილების გამო, მცირედით შემცირდა ტურისტული შემოსავლები. დაახლოებით, $4-5 მილიონის ფარგლებშია ეს შემცირება,” - განაცხადა BMG-ისთან Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა.
ცნობისთვის: Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის პროგნოზით, წელს, სავარაუდოდ, საქართველო რუსი ტურისტებისგან 200 მლნ დოლარს დაკარგავს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ზარალი 200 მლნ-ზე ნაკლები იყოს.
ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - 175,499 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.1%;
- რუსეთი - 159,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6.4%;
- თურქეთი - 156,136 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.6%;
- სომხეთი - 141,663 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
- საქართველო (არარეზიდენტი) - 40,340 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.2%;
- უკრაინა - 25,221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.2%;
- საუდის არაბეთი - 22,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 42.1%;
- ისრაელი - 22,687 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.5%;
- ირანი - 13,437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 60%;
- ყაზახეთი - 13,129 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.5%.

























