Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ ამ აკრძალვის შედეგები იყო იმაზე მცირე, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ; ამასთანავე, ფრენების შეჩერებით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინები იყო ის ერთ-ერთი ფაქტორი, რის შედეგადაც ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა.
"ტურისტული შემოდინებების ზრდის ტემპი შემცირდა და მან ივლისში 1% შეადგინა. რუსი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება კი, იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა (6.4%-იანი წლიური კლება). საავიაციო სანქციების შედეგები სახმელეთო გზით რუსი ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა და დსთ-ისა და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა დააბალანსეს," - წერია მიმოხილვაში.
ივლისში ქვეყანაში 1,099,474 ვიზიტორი იმყოფებოდა (2018 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტი), ტურისტების საერთო რაოდენობამ კი 570,482 შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, რუსი ვიზიტორების რაოდენობის შემცირების სანაცვლოდ, ქვეყანაში საუდის არაბეთის, ყაზახეთის, თურქეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა იზრდება.
ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - 175,499 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.1%;
- რუსეთი - 159,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6.4%;
- თურქეთი - 156,136 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.6%;
- სომხეთი - 141,663 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
- საქართველო (არარეზიდენტი) - 40,340 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.2%;
- უკრაინა - 25,221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.2%;
- საუდის არაბეთი - 22,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 42.1%;
- ისრაელი - 22,687 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.5%;
- ირანი - 13,437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 60%;
- ყაზახეთი - 13,129 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.5%.

























