მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

613b629d8bc70
BM.GE
10.09.21 17:48
546
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.

გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება, COVID-19-ის პანდემიის გავლენა და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის ძირითად ფინანსურ ინდიკატორებზე, საექსპორტო ბაზრებსა და მათზე დამოკიდებულებაზე. ასევე, გაანალიზებულია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოზიციონირება ტოპ საექსპორტო ბაზრებზე და ახალ სამიზნე ბაზრებზე ღვინის მომხმარებლების პრეფერენციები.

კვლევის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო. 2021 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია და 2017-20 წლებში ჯამური ექსპორტის 58.1%-ს შეადგენს. ეს დიდწილად გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით (რაც დამატებით მარკეტინგული ხარჯების საჭიროებას აღარ ქმნის) და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით. კვლევის მიხედვით, ექსპორტის დივერსიფიკაცია ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

ახალ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან უფრო ამბიციური და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა. მარკეტინგთან და ღვინის საცალო ქსელებში განთავსებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები, ასევე წარუმატებლობისა და ინვესტიციების დაკარგვის შიში, დასახელდა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებებად ამ ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ტოპ კომპანიების მიერ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროექტი ამ დაბრკოლებებს ნაწილობრივ აღმოფხვრის.

კვლევის მიხედვით, კომპანიების მიერ ვენახებში ინვესტიციების ზრდა, მთავრობის მიერ სექტორის მხარდაჭერა, საექსპორტო ბაზრებზე არსებული ჯანსაღი მოთხოვნა, ასევე, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები,იძლევა ექსპორტის შემდგომი ზრდის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2025 წლისთვის ღვინის ექსპორტის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი 350 მლნ აშშ დოლარამდე.

„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია და პანდემიის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ახალი ბაზრების ათვისებაშიც დადებითი ტენდენციებია. ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ახალ კვლევაში ყურადღება გავამახვილეთ ამ ბაზრების მომხმარებლების პრეფერენციებზე, რაც ვფიქრობთ რომ ღვინის კომპანიებს დაეხმარება.

ჩვენი შეფასებით, ამერიკელი და ბრიტანელი მომხმარებლის დაინტერესება უნდა მოხდეს უნიკალური და პრემიუმ ქართული ღვინით, ჩინელი მომხმარებლისთვის მიზანშეწონილია უფრო მასობრივი წარმოების ქართული ღვინის შეთავაზება, ხოლო გერმანელი მომხმარებლისთვის როგორც მასობრივი წარმოების, ისე პრემიუმ ქართული ღვინის“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

სრული კვლევა ხელმისაწვდომია გალტ & თაგარტის ვებ-გვერდზე https://bit.ly/2VwFKwT

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები