„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები. 2023 წლის დეკემბერში გამოშვებული პირველი ტრანში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში მესამე კორპორატიული ობლიგაციების ემისიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წინა ემისიასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები აშშ დოლარში გლობალურად საგრძნობლად გაიზარდა, ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი ისევ ფიქსირებული 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნულ ემისიაზე გადაჭარბებული მოთხოვნის გამო, 2024 წლის იანვარში მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით, პირველად გამოუშვა და სრულად განათავსა 5 მილიონი ევროს ობლიგაციები, რომლის საპროცენტო სარგებელმაც 7 % შეადგინა. აღნიშნული ევროს გარიგება 2024 წლის პირველი ობლიგაციების განთავსებაა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 140-მდე ინვესტორი ჰყავს.