გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად ქვეყანაში არსებული ტენდენციის საპირისპიროდ, აჭარაში მოსახლეობა იზრდება, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების დინამიკა და იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის აჭარის რეგიონის მიმზიდველობას უწყობს ხელს.