Galt & Taggart-ი 2025 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლის კლებას პროგნოზირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი, სადაც საქართველოს რკინიგზის 9 თვის ფინანსური ანგარიშის შედეგებია შეფასებული.
2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების 7.3%-ით შემცირდა, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 9.8 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც წლიურად 4.9%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ყაზახეთიდან ტრანზიტის კლებას და შემცირებულ ადგილობრივ გადაზიდვებს უკავშირდებოდა.
"ტვირთბრუნვის კლების პარალელურად, კომპანიის სატვირთო გადაზიდვების შემოსავალი წლიურად 7.3%-ით შემცირდა და 164.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად გამოიწვია ლოგისტიკური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ (რაც უკავშირდება გოგირდის, მაზუთისა და გაზოილის ტრანსპორტირების კლებას), ასევე სუსტი იყო სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლებიც.
კორექტირებული EBITDA წლიურად მკვეთრად, 31.2%-ით შემცირდა და 43.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლების 7.3%-იან კლებას დაემატა საოპერაციო ხარჯების 1.1%-იანი ზრდა, რაც მეტწილად ხელფასების ხარჯების მატებით იყო განპირობებული. შემოსავლების შემცირებამ და ხარჯების ზრდამ საოპერაციო მომგებიანობის გაუარესება გამოიწვია — EBITDA მარჟა 2024 წლის 9 თვეში არსებული 35.3%-დან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 26.2%-მდე შემცირდა.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წლის წლისთვის კომპანიის შემოსავალი 222.8 მლნ აშშ დოლარი იქნება, რაც წლიურ ჭრილში 6.5%-იან კლებას ნიშნავს", - ნათქვამია Galt & Taggart-ის შეფასებაში.




























