Galt&Taggart-ის საჩივარი "თიბისი კაპიტალის" წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილეს
თამუნა დემეტრაშვილი
24.07.18 13:42
• 1194
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ Galt&Taggart-ის საჩივარი "თიბისი კაპიტალის" წინააღმდეგ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" სატენდერო კომისიას დაავალა, "თიბისი კაპიტალის" დოკუმენტაცია, კანონმდებლობის შესაბამისად ხელახლა შეაფასოს.
დავების საბჭომ ჩათვალა, რომ სატენდერო კომისიამ არ იმსჯელა "თიბისი კაპიტალის" მიერ, საინვესტიციო ბანკირის კანდიდატად წარდგენილ ლევან ლაგვილავას გამოცდილებაზე.
"შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმიდან საერთოდ არ იკვეთება, რამდენად განიხილა ლევან გვილავას Ernst & Young-ის საგადასახო დეპარტამენტის სტაჟიორად მუშაობის შესახებ ინფორმაცია და რამდენად მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ ორგანიზაციასა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა კაპიტალის ბაზრების სფეროში მუშაობად და რის საფუძველზე", -აღნიშნულია დავების საბჭოს დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი კაპიტალის“ კონკურენტი Galt&Taggart სწორედ ლაგვილავას მიერ შესაბამისი გამოცდილების არქონას აპროტესტებდა და სატენდერო კომისიის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც ,,თიბისი კაპიტალი“ ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ქარის ელექტროსადგურის აქციების საჯარო განთავსებიბის მიზნით, საკონსულტაციო კომპანიის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერზე, რომელშიც "თიბისი კაპიტალს" ჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს. მოგვიანებით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დავების საბჭომაც სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიამ "თიბისი კაპიტალი" სატენდერო პროცესში დააბრუნა და გამარჯვებაც მიაკუთვნა. კომპანია 12 ივლისს ხელშეკრულების გასაფორმებლადაც მიიწვიეს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი Galt&Taggart-მა დავების საბჭოში სარჩელი შეიტანა.
"კომისიის მიერ მიღებული ოქმიN5 არღვევს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლის გარეშე, კანონშეუსაბამო ქმედებით ცვლის კანონიერად ჩატარებული ტენდერის შედეგებს იმგვარად, რომ არც კი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას და ზიანს აყენებს შპს გალტ ენდ თაგარტის ინტერესებს” - ნათქვამი იყო კომპანიის საჩივარში.
Galt&Taggart-ში მიაჩნიათ, რომ თავის დროზე "თიბისი კაპიტალის" დისკვალიფიკაცია კანონიერი იყო, რადგან ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და მათ მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო ბანკირს, ლევან გვილავას არ გააჩნია კაპიტალის ბაზრების სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 210 ათასი ლარი იყო, კონკურენციის შედეგად კი ფასი განახევრდა. აქციების საჯარო განთავსების პროცესის მომზადებაში, "თიბისი კაპიტალს“ 95 ათას 299 ლარი უნდა მიეღო.