Galt&Taggart-მა "თიბისი კაპიტალის" წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივარი შეიტანა. კომპანია "თიბისი კაპიტალის“ დისკვალიფიკაციას ითხოვს. ასევე მოითხოვს, რომ შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სატენდერო კომისისიამ გააუქმოს წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც "თიბისი კაპიტალი“ ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა.
საუბარია ქარის ელექტროსადგურის აქციების საჯარო განთავსებიბის მიზნით, საკონსულტაციო კომპანიის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერზე, რომელშიც "თიბისი კაპიტალს“ ჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს. მოგვიანებით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დავების საბჭომაც სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიამ "თიბისი კაპიტალი" სატენდერო პროცესში დააბრუნა და გამარჯვებაც მიაკუთვნა. კომპანია 12 ივლისს ხელშეკრულების გასაფორმებლადაც მიიწვიეს.
საკუთარ სარჩელში Galt&Taggart სატენერო კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
"კომისიის მიერ მიღებული ოქმიN5 არღვევს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლის გარეშე, კანონშეუსაბამო ქმედებით ცვლის კანონიერად ჩატარებული ტენდერის შედეგებს იმგვარად, რომ არც კი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას და ზიანს აყენებს შპს გალტ ენდ თაგარტის ინტერესებს” - ნათქვამია კომპანიის საჩივარში.
Galt&Taggart-ში მიაჩნიათ, რომ თავის დროზე "თიბისი კაპიტალის" დისკვალიფიკაცია კანონიერი იყო, რადგან ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და მათ მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო ბანკირს, ლევან გვილავას არ გააჩნია კაპიტალის ბაზრების სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 210 ათასი ლარი იყო, კონკურენციის შედეგად კი ფასი განახევრდა. აქციების საჯარო განთავსების პროცესის მომზადებაში, თუკი გადაწყვეტილება არ შეიცვალა "თიბისი კაპიტალი“ 95 ათას 299 ლარს მიიღებს.