Galt&Taggart ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს აფასებს. როგორც საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის პირდაპირი გავლენა საქართველოზე მცირეა. თუმცა, არაპირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, როგორიც იქნებოდა სხვა წევრი ქვეყნების ინიციატივები ევროკავშირიდან გამოყოფაზე ან შოტლანდიის მიერ მორიგი რეფერენდუმის გამართვა.
"არსებული გაურკვევლობის შედეგად, მოსალოდნელია ცვალებადობა უცხოური ვალუტის და სასაქონლო (ნავთობი, ოქრო, ა.შ.) ბაზრებზე; აგრეთვე მოსალოდნელია დოლარის გამყარება. სასაქონლო ფასების დინამიკაზე გავლენას იქონიებს ორი საპირისპირო ძალა - ერთის მხრივ, სასაქონლო ფიუჩერსები გახდება ალტერნატიული უსაფრთხო ინვესტიცია, მეორეს მხრივ კი არსებული გაურკვევლობა და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული პესიმიზმი უარყოფითად იმოქმედებს სასაქონლო ფასებზე", - განმარტავენ "Galt&Taggart"-ში.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ბრიტანეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები მთლიანი მოცულობის დაახლოებით 1,5%-ია (2015 წლის მონაცემები), ასევე იმპორტის 1,2% მოდის დიდ ბრიტანეთზე და ექსპორტის 1%. რაც შეეხება ტურიზმს, საქართველოში შემოსული ტურისტების დაახლოებით 0,3% მოდის ბრიტანეთზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით კი დიდი ბრიტანეთის წილი 14%-ია.

























