მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა 3 წელში 3-ჯერ გაიზარდა

588b0103f3539
BM.GE
27.01.17 12:11
1240
"აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება",- ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. მათი ცნობით, პარალელურად იმატებს მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა.

2016 წლის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შევიდა 19 238 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 1 043 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 17 865 საქმე.

ქეის მენეჯერების მიერ 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით წარმოებაში მიღებული 17 865 აპლიკაციიდან დასრულდა 11 458, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 165 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 1 667.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა მონაცემები შემდეგნაირია:

 2013 წელი - შემოსულია 4 855 აპლიკაცია;
 2014 წელი - 9 501 აპლიკაცია;
 2015 წელი - 13 168;
 2016 წელი - 17 865

„სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. 2016 წლის განმავლობაში მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები