გამართულ ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის საჭიროება არც უნდა იყოს,- ამის შესახებ bm.ge-ს აუდიტორიული კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი იმიტომ არსეობს, რომ სახელმწიფო უწყებები არ არიან ეფექტურები და სწრაფები ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისას.
„პრობლემა გვაქვს იმაში, რომ საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს ეფექტურად, არ გვარდება და ამის გამო არის ბიზნესომბუდსმენის საჭიროება. ვიცი ბევრი ქეისი, როდესაც სხვადასხვა ბიზნესომბუდსმენის დროს, გადაწყდა და მოგვარდა ესა თუ ის საკითხი. სანამ არ გვექნება აწყობილი სახელმწიფო უწყებები, სადაც ეფექტურად და დროულად გვარდება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მანამდე საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის არსებობა ქვეყანაში“-აცხადებს ლალაზაშვილი.
ის არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის აპარატს შეუერთდეს.
„ვფიქრობ, რომ თუ ბიზნესომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველილს აპარატთან გაერთიანდება, ნაკლებ ეფექტური იქნება“,- აცხადებს ლალაზაშვილი.
მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, განსხვავებით ჩვეულებრივი ომბუდსმენისგან, რომელიც უფრო ოპონირებისა და გამოვლენის რეჟიმშია, შემდეგ კი ამის საჯაროდ წარმოჩენას აკეთებს.
„ბიზნესომბუდსმენისთვის კი მნიშვნელოვანია კარგი კავშირები ჰქონდეს სხვადასხვა წრეებთან, სამთავრობო, საპარალამენტო თუ სხვა მიმართულებით. ბიზნესს რაც აწუხებს არის სწრაფი კომუნიკაცია, ბიუროკრატია და ა.შ. თუ ომბუდსმენი მხოლოდ ოპონირების რეჟიმში იქნება გადასული, ნაკლებად შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის მოგვარება“,- აცხადებს ლალაზაშვილი.

























