მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამჭვირვალობა თუ ფინანსური ბლოკადა? მედიის რეგულირების მოდელები და ქართული კონტექსტი

თენგიზ ვერულავა
01.02.26 15:15
283

თენგიზ ვერულავა

დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტებმა არ უნდა მიიღონ უცხოური დაფინანსება, მწვავე დისკუსიას იწვევს მედიის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ბალანსზე. ევროპული და ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ გამოწვევას სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული ფილოსოფიით უდგება. მთავარი გამოწვევა ყოველთვის არის ბალანსი ეროვნულ უსაფრთხოებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის.

საერთაშორისო მოდელების მიმოხილვა

ამერიკული მოდელი (FARA)

აშშ-ში მოქმედებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელიც 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ შეიქმნა. თუ მედია ან პირი მოქმედებს როგორც უცხოური ძალის „აგენტი“ (ანუ იღებს მითითებებს და ფულს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად), მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

შესაბამისად, ამერიკული კანონმდებლობა (FARA) ფოკუსირებულია არა დაფინანსების აკრძალვაზე, არამედ პოლიტიკურ კონტროლზე. თუ მედიაინსტიტუტი ან პოდკასტერი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილებებს ავტონომიურად იღებს, გრანტის ან დაფინანსების მიღება მას ავტომატურად „უცხოურ აგენტად“ არ აქცევს.

თუ ორგანიზაცია იღებს გრანტს (მაგალითად, გარემოს დაცვის პოპულარიზაციისთვის), მაგრამ თავად წყვეტს, რა შინაარსის პოდკასტი ჩაწეროს, ის არ არის აგენტი. პირი აგენტად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ის მოქმედებს უცხოური ძალის პირდაპირი მითითებით, დავალებით ან კონტროლით.

ევროკავშირის მიდგომა (Transparency of Lobbying)

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მედია განიხილება როგორც დემოკრატიის „დარაჯი“ (Watchdog), ამიტომ მათზე პოლიტიკური შეზღუდვები ნაკლებად ვრცელდება. ძირითადი აქცენტი მფლობელების გამჭვირვალობასა (მფლობელების გასაჯაროება) და კონტენტის მარკირებაზე კეთდება, რაც ამომრჩეველს ეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში, მაგრამ არ უზღუდავს მედიას არსებობის წყაროს.

ბევრ ქვეყანაში (მაგ. საფრანგეთი, გერმანია) სავალდებულოა მედიამფლობელების და მსხვილი დაფინანსების წყაროების გასაჯაროება. ევროკავშირის ახალი რეგულაციით (ციფრული მომსახურების აქტი - DSA), მედიაპლატფორმები ვალდებულნი არიან, მკაფიოდ მონიშნონ პოლიტიკური რეკლამა და უცხოეთიდან დაფინანსებული მასალა. აქ მიზანი არა დაფინანსების აკრძალვა, არამედ მკითხველის ინფორმირებაა, რათა მან ზუსტად იცოდეს, ვინ დგას კონკრეტული ინფორმაციის უკან. ამ კანობის მთავარი სიახლეა მონიშვნა (მარკირება) აკრძალვის ნაცვლად. ევროკავშირი პოდკასტერს კი არ უშლის დაფინანსებას, არამედ ავალდებულებს პლატფორმას (მაგ. Facebook, YouTube), რომ ვიდეოსთან ან პოსტთან მიაწეროს: „დაფინანსებულია X-ის მიერ“. ამით დაცულია არჩევანის თავისუფლება: საბოლოო სიტყვა მკითხველზეა - ის თავად წყვეტს, ენდოს თუ არა ამ წყაროს, მას შემდეგ რაც ეცოდინება დაფინანსების წარმომავლობა.

მკაცრი შეზღუდვების მოდელი (მაგ. ისრაელი, ავსტრალია)

ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივი გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს. ისრაელსა და ავსტრალიაში არსებული რეგულაციები ემსახურება გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვას, თუმცა ისინი, როგორც წესი, არ ზღუდავენ ინდივიდუალურ პოდკასტერებს და მიმართულია კონკრეტული მტრული სახელმწიფოების ჩარევის წინააღმდეგ.

ისრაელი: არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების ნახევარზე მეტი უცხოური სახელმწიფო წყაროებიდან მოდის, ევალებათ ამის მითითება ოფიციალურ დოკუმენტებსა და კომუნიკაციაში. თუმცა, ეს მოთხოვნა იშვიათად ვრცელდება უშუალოდ მედიასაშუალებებსა თუ დამოუკიდებელ ავტორებზე.

ავსტრალია: 2018 წელს მიღებული „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემა“ (FITS) მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების (მაგალითად, ჩინეთის) მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე ფარული ზეგავლენის აღკვეთას. აქაც მთავარია არა დაფინანსების აკრძალვა, არამედ იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც უცხოური ძალების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ფუნდამენტური განსხვავება: მიზანი და შედეგ

მთავარი განსხვავება დასავლურ მოდელებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას შორის მიზანსა და შედეგშია:

დემოკრატიულ ქვეყნებში (აშშ, ევროკავშირი): პრობლემად მიიჩნევა არა თავად დაფინანსება, არამედ დაფარული გავლენა. სახელმწიფო ებრძვის არა ფინანსურ რესურსს, არამედ ფარულ მანიპულაციას. მიზანია, მომხმარებელმა იცოდეს — „ეს კონტენტი ფინანსდება უცხოეთიდან“, რაც მას ეხმარება ინფორმაციის კრიტიკულად აღქმაში, თუმცა თავად მედიას საქმიანობას არ უზღუდავს. პირიქით, დაფინანსების მრავალფეროვნება დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნევა.

ვითარებას ართულებს ადგილობრივი ბიზნესის შეზღუდვაც, დააფინანსოს მედია. შედეგად, „პოლიტიკური შინაარსის“ შექმნა ლეგალური ფინანსებით თითქმის შეუძლებელი ხდება. ვინაიდან „პოლიტიკური შინაარსი“ ძალიან ფართო ცნებაა და შეიძლება მოიცავდეს კორუფციის მხილებას, ადამიანის უფლებებს თუ ეკოლოგიას, იზღუდება კრიტიკული აზრის არსებობის ეკონომიკური საფუძველი.

თუ მედიას ერთდროულად ეზღუდება უცხოური გრანტები (რასაც ხელისუფლება „სუვერენიტეტით“ ამართლებს) და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა (რაც ხშირად არაფორმალური წნეხის შედეგია), იქმნება ინფორმაციული მონოპოლია. ასეთ გარემოში გადარჩენის შანსი მხოლოდ ორ ძალას რჩება: სახელისუფლებო მედიას (ბიუჯეტური დაფინანსებით) და ჩრდილოვან ჯგუფებს (გაუმჭვირვალე „შავი სალაროებით“).

დამოუკიდებელი, კრიტიკული და ობიექტური მედია თუ პოდკასტერი, რომელიც გამჭვირვალედ მუშაობს, ამ სისტემაში უბრალოდ ვერ იარსებებს, რადგან მას კანონიერად ფულის მიღების ყველა წყარო გადაკეტილი აქვს. ეს ნიშნავს, რომ „გამჭვირვალობის“ ლოზუნგით ხდება არა პროცესის გაჯანსაღება, არამედ კრიტიკული აზრის განადგურება.

უნგრეთის გამოცდილება: „გაფრთხილება“ საქართველოსთვის

უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება „სუვერენიტეტის დაცვის“ ან "გამჭვირვალობის" ლოზუნგით მედიაგარემოს განადგურება.

2023 წლის ბოლოს უნგრეთმა მიიღო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. შეიქმნა სპეციალური ორგანო (სუვერენიტეტის დაცვის ოფისი), რომელიც იძიებს იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების საქმიანობას, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.

შედეგად, კანონი პოლიტიკურ საქმიანობად მიიჩნევს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც „გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე“. ამ ბუნდოვანმა ფორმულირებამ გამოიწვია ის, რომ საგამოძიებო მედიასაშუალებები (მაგალითად, Átlátszó) მუდმივი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

უნგრეთში ხელისუფლებამ პირდაპირ კი არ აკრძალა კერძო მედია, არამედ ეკონომიკური იზოლაცია გამოიყენა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარეკლამო თანხები მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში იხარჯება. ამასთან, დაიწყო კერძო სექტორის დაშინება. ბიზნესმენებს, რომლებსაც სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა სურთ, ეშინიათ რეკლამის განთავსება დამოუკიდებელ მედიაში, პოდკასტებში ან გამოცემებში.

უნგრეთის გამოცდილება გვკარნახობს, რომ თუ არ იქნება უცხოური გრანტი და არ იქნება ადგილობრივი რეკლამა (შიშის გამო), მედია ან პოდკასტი უბრალოდ დაიხურება.

2018 წელს უნგრეთში შეიქმნა ფონდი KESMA, რომელშიც 400-ზე მეტი მედიასაშუალება (ტელევიზიები, გაზეთები, რადიოები, საიტები) გაერთიანდა. ამ მედიასაშუალებების მფლობელებმა (ორბანთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა) თავიანთი აქტივები „საჩუქრად“ გადასცეს ფონდს. დღეს უნგრეთის რეგიონული მედიის 100% და ცენტრალური მედიის დიდი ნაწილი ერთ პოლიტიკურ ხაზს ატარებს.

ამან საზოგადოებაზე დიდი გავლენა იქონია. კერძოდ, გაჩნდა ინფორმაციული ვაკუუმი: რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ალტერნატიული აზრი თითქმის მიუწვდომელია. გაჩნდა თვითცენზურა. ჟურნალისტები და პოდკასტერები ერიდებიან მწვავე თემებს, რათა არ მოხვდნენ „უცხოური გავლენის“ სიაში და არ შეექმნათ სამართლებრივი პრობლემები.

ევროკომისიამ არაერთხელ დააჯარიმა უნგრეთი და შეუჩერა დაფინანსება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების გამო.

უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც სახელმწიფო კრძალავს ან მკაცრად ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას მედიისთვის, ამას იშვიათად მოჰყვება "ადგილობრივი დამოუკიდებელი ფინანსების" გაჩენა. ნაცვლად ამისა, თავისუფალ ადგილს იკავებს ან სახელმწიფო პროპაგანდა, ან სრული დუმილი.

მედიის დამოუკიდებლობის დაცავი მექანიზმები

ევროკავშირი მედიაპლურალიზმს განიხილავს არა მხოლოდ როგორც სიტყვის თავისუფლების ნაწილს, არამედ როგორც დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ უნგრეთის მსგავსი სცენარები, ევროპულმა ინსტიტუტებმა შეიმუშავეს სპეციალური სამართლებრივი ჩარჩო.

ევროპული მედიის თავისუფლების აქტი (EMFA)

ეს არის უახლესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც 2024 წელს მიიღეს. მისი მთავარი მიზნებია:

  • დაცვა სახელმწიფო ჩარევისგან: აკრძალულია ჟურნალისტებზე ზეწოლა წყაროს გამჟღავნების მიზნით და მათი თვალთვალი ჯაშუშური პროგრამებით.
  • სარედაქციო დამოუკიდებლობა: მედიამფლობელებს ეკრძალებათ ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა პოლიტიკური მიზნებით.
  • სახელმწიფო რეკლამის გამჭვირვალობა: მთავრობა ვალდებულია საჯარო გახადოს, თუ რომელ მედიასაშუალებაში რა თანხას ხარჯავს, რათა გამოირიცხოს მედიის "მოსყიდვა" საბიუჯეტო ფულით.

მედიაპლურალიზმის მონიტორი (MPM)

ეს არის სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელიც ყოველწლიურად აფასებს წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას ოთხი მიმართულებით:

  • საბაზრო პლურალიზმი: ხომ არ ხდება მედიის კონცენტრაცია რამდენიმე მფლობელის ხელში?
  • პოლიტიკური დამოუკიდებლობა: რამდენად არის დაცული მედია პოლიტიკური კონტროლისგან?
  • სოციალური ინკლუზიურობა: აქვთ თუ არა უმცირესობებს მედიაზე წვდომა?
  • ფუნდამენტური დაცვა: რამდენად ეფექტურია სამართლებრივი სისტემა ჟურნალისტების დასაცავად.

სარეკლამო ბაზრის რეგულირება (DSA/DMA)

ევროკავშირი ებრძვის არა დაფინანსებას, არამედ ინფორმაციულ მანიპულაციას:

Digital Services Act (DSA): ავალდებულებს პლატფორმებს (Facebook, YouTube), ნათლად მონიშნონ პოლიტიკური რეკლამა.

მონაცემთა დაცვა: იკრძალება რეკლამის მიზანმიმართული ჩვენება ადამიანის სენსიტიურ პოლიტიკურ შეხედულებებზე დაყრდნობით, რაც ხელს უშლის „ექო-კამერების“ შექმნას.

ეს პრინციპი ეხება იმას, თუ როგორ გვიჩვენებენ სოციალური ქსელები რეკლამას. მარტივად რომ ვთქვათ: „ექო-კამერა“ არის მდგომარეობა, როცა სოციალურ ქსელში მხოლოდ იმას ხედავთ, რაც თქვენს აზრს ემთხვევა. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენივე ხმის ექო გესმით. თუ ალგორითმი სულ ერთი და იმავე შინაარსის პოლიტიკურ რეკლამას გაჩვენებთ, თქვენ გიჩნდებათ განცდა, რომ „მთელი ქვეყანა ასე ფიქრობს“. ეს სპობს ჯანსაღ დისკუსიას, რადგან სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების არგუმენტები თქვენამდე საერთოდ ვეღარ აღწევს.

რას ნიშნავს „სენსიტიურ მონაცემებზე“ დაყრდნობა? ალგორითმებმა იციან თქვენი ყოველი ნაბიჯი - რას აციტირებთ, რომელ პოსტს აზიარებთ ან რა ტიპის კომენტარს ტოვებთ. ამით ისინი ხვდებიან თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ევროკავშირის წესებით, რეკლამის დამკვეთს ეკრძალება გითხრათ: „ეს რეკლამა აჩვენე მხოლოდ მათ, ვისაც ლიბერალური (ან კონსერვატიული) ხედვები აქვს“.

ამგვარად, ევროკავშირი კრძალავს ისეთ მეთოდებს, რათა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხალხის ფსიქოლოგიური მანიპულირება და საზოგადოების დაყოფა იზოლირებულ ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ აღარ უსმენენ.

ევროპული სტანდარტები vs ქართული ინიციატივა

ევროპული სამართლებრივი მექანიზმებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივის შედარებისას იკვეთება ფუნდამენტური განსხვავება დაფინანსების ფილოსოფიაში.

ევროკავშირში გამჭვირვალობა ემსახურება მომხმარებლის ინტერესებს — მას ეძლევა ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, რათა თავად, კრიტიკულად განსაჯოს კონტენტი. ამ მოდელში დაფინანსება ნებადართულია და დაცულია, რადგან ის მედიის სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელი პირობაა.

შემოთავაზებული ქართული მოდელით, გამჭვირვალობის იდეა ტრანსფორმირდება დაფინანსების აკრძალვისა და შეზღუდვის ინსტრუმენტად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი მედიის ფინანსური წყაროების (მათ შორის გრანტების) ხელოვნური ჩაკეტვა აღქმულია როგორც დემოკრატიული უკანდახევა. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიაპლურალიზმს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და მის ევროპულ პერსპექტივას.

პრემიერ-მინისტრის განცხადება ნათლად ასახავს მმართველი გუნდის სურვილს, „ეროვნული ინტერესების“ მოტივით სრულად გააკონტროლოს საინფორმაციო სივრცეში არსებული ფინანსური ნაკადები. თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება — განსაკუთრებით უნგრეთის შემთხვევა — ადასტურებს, რომ ლეგალური და გამჭვირვალე დაფინანსების წყაროების ბლოკირება არა პროცესის გაჯანსაღებას, არამედ კრიტიკული მედიის ეკონომიკურ განადგურებასა და ინფორმაციულ მონოპოლიას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები