თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის განვითარების ხედვა წარმოადგინა. როგორც მერი, კახა კალაძე აცხადებს, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება როგორც ტრანპორტი, ასევე ხმაურის რეგულირება, რომელიც მერის თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კალაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვთ შსს -თან.
"კულტურის და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება და რაც მთავარია, დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ცენტრაულ უბნებზე. ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს თანაბრად", - აცხადებს კახა კალაძე.
რა ტიპის აქტივობები მოიზარება ღამის ეკონომიკაში დეტალურად განმარტა პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც საღამოს 8 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება არის ღამის ეკონომიკა.
გვარჯალაძემ პრეზენტაციისას ღამის ეკონომიკის შემადგენელ კომპონენტებზეც ისაუბრა.
"ეს არის ტრანსპორტი, ინფრასტრუქტირა, კომუნიკაცია, ხმაურის რეგულირება, რომელიც საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის. უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული აქტივობები.
უამრავი კულტურული აქტივობაა, რომელიც დღეს უკვე არსებობს, მაგრამ მას კორდინირება სჭირდება. ერთ საერთო ქოლგის ქვეშ მოყვანა სჭირდება. უბნების რეგენერაცია, კომუნიკაცია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ღამის ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ერთი თვის მანძილზე შევისწავლეთ ფაქტიურად ყველა დიდი ქალაქის კონცეფცია, რომელიც არის ჩართული ღამის ეკონომიკაში. ჩვენი კოლეგები იძახიან, რომ უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან, ისე საერთაშორისო დონის კომუნიკაცია. ღამის ეკონომიკაში ჩართულია, ტრანპორტი და კომუნიკაციის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტის ინდუსტრია, ვაჭრობის სექტორი და მნიშვნელოვანია მერიის მხრიდან ამ სექტორების სტიმულირება და კოორდინაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

























