"ეს აფხაზური სახელმწიფოსთვის სილის გაწვნაა", - ასე უპასუხეს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსეთის მხრიდან მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს. ლევან მიქაამ და კან კვარჭიამ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული კანონები არ დაურღვევიათ და რუსეთის წინააღმდეგ არ უმოქმედიათ.
"ყოველთვის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით და ეს არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის საზიანოდ" , - განაცხადა ლევან მიქაამ.
"გამოდის, იყო პატრიოტი, გიყვარდეს შენი ხალხი და მათი ინტერესები დაიცვა, ინტერპრეტირებული არის, როგორც საფრთხე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამას ასე განმარტავს... მე პარლამენტის დეპუტატი ვარ. ეს კი აფხაზური სახელმწიფოსთვის სილის გაწვნაა", – განაცხადა კან კვარჭიამ.
ე.წ. აფხაზური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ზომებს არ იღებს, რათა გაარკვიოს, რატომ ჩამოართვეს მათ რუსეთის მოქალაქეობა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტის უკან გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დგას.
რუსეთმა ლევან მიქაასა და კან კვარჭიას მოქალაქეობა 2025 წლის იანვარში გაუუქმა. ისინი რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმებას" ეწინააღმდეგებოდნენ. ლევან მიქაა ნოემბერში სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.