მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოძიების ამ ეტაპზე, ივანე გოგლიძის კულინარიულ ტერორისტად გამოცხადება გაუგებარია - ადვოკატი

კახა წერეთელი

დაკავებული ბიზნესმენის, კომპანია "ბატონოს" დირექტორის ივანე (ვანო) გოგლიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ბიზნესის კვირეულში“ საუბრისას უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანიაში 17 000 ფალსიფიცირებული კონსერვი იწარმოა. მისი განმარტებით, საქმე გვაქვს არა მასობრივ გაყალბებასთან, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო პროცესთან, სადაც შესაძლოა გარკვეული ხარვეზები დაფიქსირებულიყო.

საქმე ისაა, რომ ივანე გოგლიძე 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მან 380 792 ლარის ღირებულების 24 ტონა თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

ტენდერების მონიტორის თანახმად, კომპანია "ბატონოს" სახელმწიფოსთვის სასურსათო პროდუქტების - თევზის და ძროხის ხორცის მიწოდების ტენდერებში კონტრაქტები 2020 წლიდან უფორმდებოდა. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც გოგლიძის ადვოკატი აცხადებს, საქმე ისე არის წარმოდგენილი, თითქოს გამოძიება დასრულებულია და ბრალი უკვე დამტკიცებულია. ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარი კითხვა არის, რამდენად აუცილებელი იყო ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება, როცა ის ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელია და მასზეა დამოკიდებული ასობით დასაქმებულის სამუშაო ადგილი.

"ასეთ მასობრივ გაყალბებას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია, როგორც წარმოჩენილი იყო. თითქოს, 17 000 ფალსიფიცირებული კონსერვი იყო აღმოჩენილი, რაც ნამდვილად არ არის ასე. ნაწილი წაღებული იყო ექსპერტიზაზე და ნაწილს აქვს ხარვეზები. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი. ხდებოდა ამ პროდუქციის დაბრუნება და გადაცვლა. როგორც წარმოჩენილი იყო, რომ თურმე ფეთქებადი კონსერვების წარმოება ხდებოდა და ექსპერტმაც კი ვერ ჩაატარა ექსპერტიზა, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებოდა, ვისაც საგამოძიებო სამსახურთან შეხება გვქონია, ყველამ ვიცით, რომ ფეთქებად ნივთიერებებზე, მათ შორის, ხელყუმბრებზეც ტარდება ექსპერტიზა. ამიტომ, ეს არგუმენტი ცოტა გაუგებარია.

რაც შეეხება საქმის მასალებს, ისე წარმოაჩინეს, თითქოს დასრულებულია გამოძიება და ბრალი დამტკიცებულია. ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო გამოძიების ამ ეტაპზე ვანო გოგლიძის პატიმრობაში დატოვება, როცა ვითხოვდით 500 000 ლარის გირაოს. რამდენად იყო საფრთხე, რომ მიიმალებოდა, როცა მასზეა ასობით თანამშრომლის სამუშაოა დამოკიდებული?!", - განაცხადა ადვოკატმა.

კახა წერეთლის თქმით, ბრალდება „უმძიმესია“ და მისი აღიარება ნიშნავს, რომ ვანო გოგლიძე თითქოს „ბნელ სარდაფში“ მავნე პროდუქციას აწარმოებდა, რაც, მისი შეფასებით, რეალობას არ შეესაბამება.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ კომპანია ერთ-ერთი გამორჩეული წარმოებაა საქართველოში და 2020 წლიდან, რაც გამოძიებაშიც არის მითითებული, პროდუქციის მიწოდების პერიოდში მოწამვლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული წარმოება საქართველოში და ამ მასიურობაზე საუბარი არ არის. ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი, ვინმეს გადავაბრალოთ შენახვის პირობები, მაგრამ როცა ეს პროდუქცია მომხმარებელს ბარდებოდა, იქამდე გადიოდა ექსპერტიზას. სამჯერ არის ექსპერტიზა ჩატარებული და ეს პროდუქცია იყო ვარგისი და შემდეგ, ერთ დღეს გავიგეთ, რომ ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ფეთქებადი.

მთავარია ის, რომ 2020 წლიდან, რაზეც გამოძიებაც უთითებს, კომპანია აწვდიდა პროდუქციას, არ დაფიქსირებულა, მოწამვლის არცერთი ფაქტი. როგორ წარმოუდგენია საზოგადოებას, რომ ხდებოდა ამ ფეთქებადი კონსერვებით მომარაგება და რამე შემთხვევა არ ხდებოდა. ტენდერებში მონაწილეობა და ციფრები უკვე თითქოს განაჩენის ტოლფასია, ისეა წარმოჩენილი. 8 მილიონის კი არა, ნეტავ, 80 მილიონის ტენდერები ჰქონდეს ქართულ წარმოებებს მოგებული. ქართული პროდუქცია სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. რაც შეეხება ხარისხს, აქ შეიძლება, იყოს გარკვეული ცდომილებები, მაგრამ მილიონი დეტალია გასათვალისწინებელი.

8 მილიონის კი არა, ნეტა, 80 მილიონის ტენდერები ჰქონდეს ქართული წარმოებებს მოგებული.

ეს უმძიმესი ბრალდებაა, რომლის აღიარებაც ნიშნავს, რომ ვანო გოგლიძე სადღაც ბნელ სარდაფში რაღაც ჩხირებიან პროდუქციას აწარმოებდა, რაც ასე ნამდვილად არ ყოფილა.

მასალა მოცულობითია, ახლა ვსწავლობთ ექსპერტიზაზე რა პროდუქცია მოხვდა, როგორი იყო შენახვის პირობები და რა გზა გაიარა. დიდი სამუშაოა და დღეს, ამ ეტაპზე, ივანე გოგლიძის კულინარიულ ტერორისტად გამოცხადება, რომელიც ბნელ სარდაფში მავნე პროდუქციას ხარშავდა, ნამდვილად გაუგებარია", - განაცხადა ივანე გოგლიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა "ბიზნესის კვირეულში".

საგამოძიებო უწყების განცხადებით, „პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს“. უწყების ინფორმაციით, ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და „უვარგისია მოხმარებისთვის“. ამასთან, „რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. გამოძიების თანახმადვე, კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები