GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ წიწამურთან ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება კომპანიისთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო და გამოძიება დაადგენს, შეეძლო თუ არა GWP-ის ფაქტის პრევენცია.
“ჩვენ ჩვენი მილსადენების და აქტივების მონიტორინგს ყოველთვის ვახორციელებთ, ჩვენთვის ეს იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია ვთქვათ, შეგვეძლო თუ არა წინასწარ მსგავსი ფაქტის პროგნოზირება და თავიდან აცილება”, - ამბობს გიგა ნადირაძე.
მისი თქმით, GWP თანამშრომლობს გამოძიებასთან და კომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე, პასუხისმგებელი პირების ან კომპანიების შესახებ, პასუხის გაცემა არ შეუძლია.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ვუზიარებთ მათ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას, შესაბამისად, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საგამოძიებო უწყებებს.
ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ 24 საათიან რეჟიმში გავატაროთ სამუშაოები მისლადენის აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ გამოძიების მხარეს და შესაბამისად მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, [არსებულ] კითხვებზე გიპასუხოთ”, - აცხადებს GWP-ის წარმომადგენელი.
16 ივნისს სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო ნაგვით დაზიანების შემდეგ დედაქალაქში, ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონებში, და ქალაქ მცხეთაში სასმელი წყლით მომარაგება შეფერხდა. GWP თავდაპირველად აცხადებდა, რომ მილსადენზე გრუნტი მესამე პირის მხრიდან წლების განმავლობაში, 2017 წლიდან, იყრებოდა, თუმცა შემდეგ დაზიანების გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი პროცესები დასახელდა.
შსს მომხდარზე გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: სსკ-ის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე).