მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოფენებმა თავისი დრო მოჭამა" - როგორ და საიდან უნდა მოიზიდოს საქართველომ ტურისტები?

ნიკა მანჯგალაძე

ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებლის და სასტუმრო The 10-ის მფლობელ ნიკა მანჯგალაძის სურვილია, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური სარეკლამო კამპანია აწარმოოს.

„გამოფენებმა თავისი დრო მოჭამა“, - თქვა ნიკა მანჯგალაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ მარკეტინგული კამპანიები არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში უნდა ვაწარმოოთ, არამედ - შორეულ ბაზრებზეც.

„მაგალითად, კანადის ბაზრიდან მოგზაურების მოსაზიდად აუცილებლად მეტი უნდა ვიმუშაოთ. ასევე, საინტერესოა ავსტრალია. რამდენიმე დღის წინ ფრანკფურტში იყო გამოფენა და ავსტრალიიდან ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა - „ჩვენ თუ სადმე მივდივართ, ძალიან დიდი ხნით მივდივართ, რადგან გვინდა, ბევრი ქვეყანა დავათვალიეროთ“. შარშან, ჩვენს სასტუმროში - the10-შიც გვყავდა გვყავდა ავსტრალიელი ტურისტების ჯგუფი და პირველად ძალიან გამიკვირდა, როდესაც 6-7 ჩემოდნით იყვნენ ჩამოსულები...“, - თქვა ნიკა მანჯგალაძემ.

გარდა მარკეტინგული კამპანიების გააქტიურებისა, ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებლის აზრით, სამუშაოა ე.წ. კავკასიური ტურებისთვის შორეული ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად.

„სომხეთი-აზერბაიჯანი-საქართველო იდეალური მარშრუტია, რომელსაც შეიძლება შემდეგ თურქეთი დაემატოს. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ვიცით, ამიტომ შეიძლება, საქართველო იყოს ამ ტურის ასაწყობად ლიდერი და არ მგონია, აზერბაიჯანმა მხარი არ დაგვიჭიროს“, - ამბობს ნიკა მანჯგალაძე.

რაც შეეხება მოლოდინებს ზაფხულის სეზონისთვის, ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი და სასტუმრო The 10-ის მფლობელი ამბობს, რომ „თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, გათვლების გაკეთება რთული იქნება“.

„არ დაგიმალავთ და შარშან უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდა პარტნიორებთან, უფრო მეტი ინტერესი იყო, წელს კი, შემცირებულია და კითხვები აქვთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ; თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, გათვლების გაკეთება გაგვიჭირდება.

ისე, აღსანიშნავია, რომ წელს საინტერესოდ აქტიურობს თურქეთი და თან არა - „კაზინო ტურების“ მიმართულებით არის ინტერესი, არამედ - კულტურული ტურების. გერმანელებიც ჩამოდიან; სტუმრად გვყავდნენ იტალიელებიც. ალბათ ზაფხულში გერმანელები ისევ გააგრძელებენ მოგზაურობას, ასევე ავსტრიიდან და პოლონეთიდან ველოდებით ტურისტებს.... რომ გითხრათ, ახალი ქვეყანა გაჩნდა, ვისაც ინტერესი აქვს საქართველოს შესახებ-მეთქი, მოგატყუებთ“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები