ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“, რომელიც 29 იანვარს დასრულდება, მასში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა მეღვინეობა „ჩელთიც“, რომელიც ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და საექსპორტო პორტფელში 27 ბაზარი აქვს გაერთიანებული.
როგორც საოჯახო მეღვინეობის თანადამფუძნებელი, ანა მირიანაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, გამოფენას ბერლინში მათი წარმომადგენელი ესწრება, რომელიც ამ დროინდელი შედეგებით კმაყოფილია.
მისივე ცნობით, შეკვეთები უკვე არის პატარა ე.წ. ბაიერების მხრიდანაც, რომლებიც შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში უკვე მათი ხშირი მომხმარებლები ხდებიან.
„ბერლინში ჩვენი მაღაზია „ჩელთი“ გვაქვს, შესაბამისად, გამოფენაზე მიწოდების პრობლემა და დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება არ გვაქვს.
შესაძლოა, დიდი შეკვეთა არ მოგვცენ, თუმცა პატარა „ბაიერები“, რომლებიც მცირე ზომის შეკვეთას გვაძლევენ, სამომავლოდ შესაძლოა, ჩვენი გრძელვადიანი მომხმარებლები გახდნენ. ამასთან, კონტაქტებიც დავაგროვეთ, რომლებთანაც ჩვენი წარმომადგენლები ხაზზე იქნებიან და შესაბამისად, ამჟამინდელი თანამშრომლობა, შედეგს სამომავლოდ გამოიღებს.
ამჟამად, „ბაიერების“ უდიდესი ნაწილი გერმანელები არიან და ვფიქრობთ, გერმანიის ბაზარზე გაყიდვების ზრდას უნდა ველოდოთ,“-აცხადებს მირიანაშვილი.
გარდა ამისა, მეღვინეობა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრეს Madrid Fusión-ში იღებს მონაწილეობას. გასტროკონგრესზე მეღვინეობის წარმოებულ ღვინოს პარტნიორი რესტორანი წარმოადგენს, სადაც "ჩელთის" ღვინოს რეალიზება ხდება. ამასთან, გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მეღვინეობებითაა წარმოდგენილი, მათ შორის „ჩელთის“ ღვინითაც.