საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და 120 000-ზე სტუდენტს, მოსწავლესა და ახალგაზრდა პროფესიონალს აძლევს განვითარების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. რომელიც 20-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი. მათ შორისაა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ქენქაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ ის თავად გვესაუბრება:
გზა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე
“სკოლაში განსაკუთრებით ფიზიკა და გეოგრაფია მიყვარდა და უმეტეს დროს ამ საგნების სწავლას ვუთმობდი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმია ყოველთვის მაინტერესებდა, მე-12 კლასში თითქოს თავიდან აღმოვაჩინე - უფრო კონკრეტულად მაშინ, როცა ორგანული ქიმიის შესწავლა დავიწყე. თუმცა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე, მისასვლელი გზა ჩემთვის ცოტა ჩახლართული იყო. ფიზიკოსობის, გეოგრაფობის, ეკონომისტობისა თუ მეღვინეობის გადაფიქრების შემდეგ, არჩევანი სასურსათო ტექნოლოგიაზე შევაჩერე და აგრარულ უნივერსიტეტში სწორედ ამ პროგრამაზე ჩავაბარე.
ახლა მე-2 კურსზე ვარ და ჩემი თავი აკადემიური სფეროს გარდა სხვაგან ვერც წარმომიდგენია. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე ვაპირებ. მსურს, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, რათა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მივიღო, საქართველოში დაბრუნებულმა კი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანა შევძლო”.
საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს
“საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ უნივერსიტეტისგან შეტყობინების მიღებისთანავე გადავწყვიტე, რომ სააპლიკაციო ფორმა შემევსო. ვეცადე, სამოტივაციო წერილი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყო, რომელშიც ჩემი მონდომება და პიროვნულობა კარგად გამოჩნდებოდა. მალევე დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე დამიბარეს. ამ დროს ნერვიულობასთან ერთად წინასწარ დამეუფლა გამარჯვების სიხარულიც. ყოველ სიტუაციაში საუკეთესო შედეგს ველი, ამიტომ აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებასაც ნამდვილად მოველოდი. ვთვლი, რომ შრომა და მოტივაცია ყოველთვის ფასდება და ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე ვიმედოვნებდი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებამ, პირველ რიგში, დიდი ვალიდაცია და მოტივაცია მომცა. მომეცა შესაძლებლობა, რომ მეტი ვაკეთო, მოვინდომო და უფრო დიდი მიზნები დავისახო. ასევე დავინახე, რომ ჩემი მცდელობები ფასდება და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”.
მომავალი STEM-შია
“ჩემი აზრით, მომავალი მეცნიერებაშია და დღევანდელ დღეს STEM-ის არჩევა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯია. ასე ირჩევ პროფესიას, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ და ყოველთვის გექნება ახლის შეცნობისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ასევე, ეს ის პროფესიაა, რომელიც არასდროს მოგწყინდება და ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან სამყაროს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია.
პირადად ჩემთვის, ქიმიისა და ბიოლოგიის დარგები ძალიან ფართო და საინტერესოა. ერთი კონკრეტული მიმართულების არჩევაზე ბევრს ვფიქრობ და სწავლის გაგრძელებას ბიოქიმიის, უჯრედული/მოლეკულური ბიოლოგიის ან ორგანული ქიმიის მიმართულებებით განვიხილავ. ჩემი პროფესიული მიზნები მოიცავს აკადემიურ საქმიანობასა და კვლევებს. უკვე ვარ ჩართული მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის კვლევებში და ჩემი მომავალი ლაბორატორიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. მეგობრებთან ერთად გამოცდებისთვის მომზადებისას კი მივხვდი, თუ როგორ მომწონს და მსიამოვნებს სხვისთვის მასალებისა და ამოცანების ახსნა. შესაბამისად, ჩემი კვლევითი საქმიანობის პარალელურად, ლექტორობასაც ვაპირებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩემზე უმცროს თაობას STEM დარგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ყოველთვის ვცდილობ, სკოლის მოსწავლეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მეცნიერების არჩევაში დავეხმარო”.
3 რჩევა მომავალ სტიპენდიატებს:
- “გქონდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედი. უნდა გჯეროდეთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.
- ეცადეთ, ყოველთვის და ყველა სიტუაციაში იყოთ გულწრფელები და ადამიანებს თქვენი რეალური “მე” გააცნოთ. მე მჯერა, რომ ავთენტურობა წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.
- გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენთ და უკან არ დაიხიოთ, მაშინაც კი, თუ ეჭვი გეპარებათ - ცდა ბედის მონახევრეა”.
სტიპენდიაზე კიდევ უფრო მეტი დეტალის გასაცნობად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო: https://youtube.com/shorts/NFsuL8bLc6o
თუ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ, ეწვიეთ ბმულს Csr.bog.ge