მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა 51%-ს საპენსიო რეფორმაზე არ სმენია - მთავრობა კი, საინფორმაციო კამპანიას ახლა იწყებს

5b61b08d10c88
თელარა გელანტია
01.08.18 17:00
953
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

"საინფორმაციო კამპანია უახლოეს პერიოდში დაიწყება, რათა რეფორმის ამოქმედების დროისთვის საზოგადოების ყველა მიზნობრივი ჯგუფი სრულად იყოს ინფორმირებული, როგორც რეფორმის არსის და მნიშვნელობის, ისე მისი განხორციელების კონკრეტული დეტალების შესახებ“, - განუცხადეს BM.ge-ის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა პროფილურ სამთავრობო უწყებებთან ერთად, თანამშრომლობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტთან - „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G), რომელიც საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს.

„აღნიშნული ტექნიკური დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ პროექტს „მმართველობა განვითარებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

BM.ge ინფორმაციისთვის G4G-საც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მათ სამინისტროს დაუქირავეს ქართველი ექსპერტი, რომელმაც საინფორმაციო კამპანიაზე სტრატეგია უნდა გაწეროს.

ქობულიას უწყებაში აცხადებენ, რომ კამპანიის პირველი ეტაპი საპენსიო რეფორმის დაწყებამდე განხორციელდება, მომდევნო კი - მისი ამოქმედების შემდეგ.

რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, სამინისტროში ამბობენ, რომ „კამპანიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ფორმირებას ამჟამად გადის“, ამიტომ ამ დროისთვის კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

BM.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - ელოდნენ თუ არა NDI-ის კვლევის იმ შედეგს, რომლის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51%-ს საპენსიო რეფორმის შესახებ არ სმენია“, - ქობულიას უწყებაში შემდეგი პასუხი გაგვცეს:

„ჩვენთვის უცნობია ის მეთოდოლოგია, რომლითაც კვლევის ავტორებმა ასეთი შედეგი მიიღეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

NDI საზოგადოების აზრის კვლევებს საქართველოში უკვე წლებია მართავს და ანგარიშებს ყოველთვის თან ერთვის ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ.

ცნობისთვის: NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: სტრატიფიცირება–მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად; კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა; შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით; რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით; არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება; ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

ცნობისთვის: პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი უკვე მიიღო. რეფორმის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები