მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამონაბოლქვზე ავტომობილებს ივნისიდან შეამოწმებენ - რამდენით დაჯარიმდება კანონდამრღვევი?

644655499b6db
ნანუკა ნარიმანიძე
24.04.23 14:35
847
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან ოთხი ქალაქის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და სპეციალური მოწყობილობებით შემოწმდება გამონაბოლქვზე, იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის დროს აღმოჩნდება, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები გადაჭარბებულია, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო, 30 დღის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და გახდება 300 ლარი“, - განმარტა მან.

კანონაღსრულება საპილოტე რეჟიმშია, ხოლო დასაწყისისთვის მასზე ჯამურად 10 ეკიპაჟი იმუშავებს.

„დასაწყისისთვის აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, თუმცა, გარდა ამისა, ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმების უფლება ექნება“, - დასძინა ირემაძემ.

ამასთან, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება მანქანა უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, სადაც ავტომობილი მთლიანად გაივლის ტექდათვალიერებას.

„თუ ტექდათვალიერების შემდეგ ავტომობილზე იგივე პრობლემები იქნება აღნიშნული, საჯარიმო სანქცია ძალაში დარჩება, ხოლო, თუ აღნიშნული პრობლემები არ დადასტურდება, ამ შემთხვევაში ჯარიმის ანულირება მოხდება და გავლილი ტექინსპექტირების საფასურის გადახდაც აღარ დაეკისრება ავტო-სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს“, - ამბობს ის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დაწყებულია და პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა აღნიშნული კანონპროექტი. გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი ოთხ ქალაქში, კერძოდ - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები