მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამორჩეულად ცუდი კვირა ჩინური კომპანიებისთვის - საფონდო ბირჟებზე აქციები მკვეთრად ეცემა

622f5057311ad
გიორგი თოლორდავა
14.03.22 19:22
2402
გასული კვირა ჩინური კომპანიებისათვის განსაკუთრებით ცუდი აღმოჩნდა, ამერიკის საფონდო ბირჟებზე Alibaba-ს, JD-ს, Baidu-ს, Pinduoduo-სა და სხვა მსხვილი ჩინური კომპანიების აქციების ფასები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა.

ექსპერტების შეფასებით, ჩინური კომპანიების ღირებულების შემცირება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. პირველი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაა, რომლის შედეგად რამდენიმე ჩინურ კომპანიას, კერძოდ, Yum China Holdings-ს, ACM Research-ს, BeiGene-სა და Zai Lab-ს ამერიკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეეზღუდა.

საგულისხმოა, რომ მარეგულირებელ ორგანოს ამერიკული საფონდო ბირჟიდან არცერთი მსხვილი ჩინური კომპანია არ გაუძევებია, თუმცა ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე შესაძლოა, აშშ-ის შავ სიაში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტებიც კი აღმოჩნდნენ.

მეორე მიზეზი ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და მთავრობის მიერ რამდენიმე დიდ ქალაქში ლოკდაუნის დაწესებას უკავშირდება. ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოო პროცესის შეჩერების და, შესაბამისად, კომპანიების შემოსავლიანობის შემცირების რისკებს.

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, გასულ კვირას ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიის, Alibaba-ს აქციები 17%-ით შემცირდა, JD-ის ღირებულება - თითქმის 28%-ით, Baidu-ს აქციების ფასი კი 29%-ით დაეცა, მსგავსი ან გაცილებით უარესი შედეგები აქვთ სხვა ჩინურ კომპანიებსაც. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული კომპანიების აქციები განთავსებულია როგორც ამერიკულ, ასევე ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზეც. 

ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასების კორექცია მხოლოდ დროებითია და ჩინური კომპანიების აქციების შემცირება არა ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით, არამედ სპეკულაციური შეფასებითა და პანიკური ვითარების ფონზე არარეალისტურად ნეგატიური მოლოდინებითაა განპირობებული.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, მსხვილი ჩინური ორგანიზაციების აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები