მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოცდილება, კადრების კვალიფიკაცია... ყველა დონეზე გვიჭირს" - ზურაბ გოჯიაშვილი

ზურაბ გოჯიაშვილი

ფერმერი და კომპანია "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი BMG-სთან ვერ აკონკრეტებს, აქვს თუ არა კომპანიას ხილზე, კონკრეტულად კი ვაშლზე, ფასის შემცირების რესურსი - საკითხზე ზურაბ გოჯიაშვილმა პარლამენტში, ფასების დროებითი კომისიის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის პრობლემები, რომლებსაც ასახელებენ, ჩვენ არ გაგვიგონია და შესაძლოა იმიტომაც, რომ ყველასთან ვთანამშრომლობთ... რა გითხრათ... ჩვენ ვაშლი მოგვყავს გორის მუნიციპალიტეტში და ვყიდით შეძლებისდაგვარად. დისტრიბუციას თვითონ ვაკეთებთ და ჩვენი ავტომობილით მიგვაქვს მსურველებთან.

[ფასების შემცირების რესურსი თუ არსებობს] არ ვიცი, არც ვიცი ამ საკითხზე რა გითხრათ. პირველადი პროდუქციაა ჩვენი და გადასახადს სულ სამს ვიხდით, რა უნდა ვთქვა აბა? თქვენ რომ იყოთ ჩემ ადგილზე რას იტყოდით?" - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

მისი თქმით, "ტირიფონის ბაღების" წარმოების 80-90% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ექსპორტზე კი კომპანია შარშან პირველად გავიდა თურქეთის ბაზარზე: "წელსაც გავიტანეთ თურქეთში. ახლა პირველად გავაგზავნეთ დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიისკენ გზაშია ჩვენი ვაშლი. ბელარუსშიც გავაგზავნეთ. ჩვენი მყიდველები რუსეთშიც ეზიდებიან, თუმცა ჩვენ რუსეთში არ გაგვაქვს".

კითხვაზე, რა გამოწვევის წინაშე დგას დარგი და რა პრობლემური საკითხის დაყენებას გეგმავს კომპანია საპარლამენტო სხდომაზე, ზურაბ გოჯიაშვილმა კადრების კვალიფიკაცია დაასახელა.

"რასაკვირველია ცოდნა. ცოდნა გვიჭირს ძალიან. ცოდნა გვიჭირს ყველა დონეზე - გამოცდილების, კადრების კვალიფიკაციის... ყველა დონეზე გვიჭირს ცოდნა", - ამბობს ის.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა იმართება. სხდომის მთავარი თემა ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის სტრუქტურის ანალიზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები