"ენერგეტიკული ბაზრის ე.წ. „სამიზნე მოდელის“ სრული ურთიერთსარგებელი მხოლოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შემდეგ გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაცია ევროპულ ბაზართან, ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი გადამცემი სისტემები ჯერ არ არის ურთიერთდაკავშირებული. შესაბამისად, ბაზრის შეერთებისა და ბაზრის სრული ინტეგრაციის მიზნები ვერ მიიღწევა „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტის“ მოქმედი ნაწილების განხორციელებითაც კი და საქართველოში ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის შექმნით,“ - თქვა არველაძემ.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველომ დაიწყო „სამიზნე მოდელის“ ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი და მისი პოტენციური გავლენა ქვეყანაზე.
„მიღებული დასკვნების საფუძველზე გადავწყვიტეთ „სამიზნე მოდელის“ სრული განხორციელება ორი წლით გადაგვედო. ამჟამად ვმუშაობთ მკაფიო საგზაო რუკის შემუშავებაზე, რათა გადავჭრათ ყველა იდენტიფიცირებული გამოწვევა. ველით, რომ ყოველივე შეთანხმდება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ბაზრის სამიზნე მოდელი ე.წ ბირჟა სრულად უნდა გახსნილიყო, თუმცა მთავრობამ მეშვიდედ, ამჯერად 2 წლით გადაავადა. სამიზნე მოდელზე სრულად გადასვლა ნიშნავს, რომ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა მოხდება, ასევე გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.
უკვე ერთი წელია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გადარდამავალი მოდელით მუშაობს, მაგრამ დაბალი აქტივობით.




























