მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე სერიოზულ ბრძოლაში" - დავით გამყრელიძე "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

ძლიერი საქართველო

ყოფილი პოლიტიკოსი დავით გამყრელიძე ოპოზიციურ კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა და მის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„მიხარია, რომ პლატფორმა „ძლიერი საქართველო“ იზრდება ყოველდღიურად და რაც ყველაზე მთავარია, იზრდება ხარისხიანად. მინდა სიახლე შეგატყობინოთ, ჩვენ გადმოვედით ახალ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი საარჩევნო შტაბი და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, სერიოზული პროფესიონალი, დათო გამყრელიძე. დიდი ხნის მოლაპარაკებები დაგვჭირდა და მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ამ ბრძოლაში ითავა, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო“,- თქვა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა და თავის ერთ-ერთ ფუნქციად კოალიციის სხვა ოპოზიციურ ძალებთან მაქსიმალურ კოორდინაციას ხედავს, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.

„აღფრთოვანებული ვარ, რამხელა ინტელექტი, გამოცდილება, წარმატებული ისტორიებია აქ თავმოყრილი. ალბათ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩემთვის ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში, ომში, რომელიც გველოდება წინ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს. ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად ის იქნება, რომ კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე. უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება“,- განაცხადა მან.

ამასთან, დავით გამყრელიძის განმარტებით, ეს მის პოლიტიკაში დაბრუნებას არ ნიშნავს.

"მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას. მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი. წარმოგიდგენთ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც იქნება შტაბის საქმიანობის ძირითადი გამხმოვანებელი",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, "ძლიერი საქართველოში" შედიან: "ლელო საქართველოსთვის", "ანა დოლიძე ხალხისთვის", "თავისუფლების მოედანი" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები