საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა ბუხრაძის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი მაისიდან დღემდე, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევაზე დეპარტამენტის მიერ სრულად გამოვლენილი იქნა 728 სამართალდარღვევა, ხოლო თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1788 შეტყობინება. საკითხზე მან პარლამენტში ისაუბრა.
“თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევის რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო 2018 წელს - 283 საჯარიმო ქვითარი, ხოლო ყველაზე დაბალი - 2021 წელს, ვფიქრობთ, ამას ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდმა, როდესაც ობიექტები - კაფეები, რესტორნები და ბარები არ მუშაობდა, ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით 49 საჯარიმო ქვითარია შედგენილი, რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებების რაოდენობას, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოვიდა 2022 წელს - 470 შეტყობინება, ხოლო 2023 წელს აღნიშნული ციფრი საგრძნობლად შემცირებულია – 135 შეტყობინება”, - აღნიშნა მან.
ამასთან, კახა ბუხრაძემ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევაზე იურიდიული პირების დაჯარიმების სტატისტიკაც წარადგინა.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სულ გამოვლენილია იურიდიული პირების მიერ დაფიქსირებული 357 სამართალდარღვევა, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაფიქსირდა იურიდიული პირების დაჯარიმების ყველაზე მაღალი რაოდენობა - 108 საჯარიმო ქვითარი, ხოლო 2023 წლის მონაცემებით სულ დაჯარიმებულია 27 იურიდიული პირი”, - დასძინა მან.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, რაც თამბაქოს კანონი შემოვიდა ძალაში, საპატრულოში 2000-მდე ადამიანი გადამზადდა.
“2018 წლის პირველი მაისიდან ამ მიმართულებით საპატრულოში მოხდა თანამშრომლების გადამზადება, დღემდე გადამზადებულია 2000-მდე მომსახურე პირი, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ნაწილიც რთული იყო და კანონში იყო ხარვეზებიც, ეს ვითარება გამოსწორდა, ხალხი ეტაპობრივად შეეჩვია კანონს და ნაკლები შეტყობინებები შემოგვდის”, - თქვა მან.