"გამოვრიცხავ, აფხაზები ჩვენკენ შემობრუნდნენ", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების ნაწილის შეწყვეტის შეფასებისას განაცხადა. ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ აფხაზები გარკვეულ დათმობებზე წავლენ.
"რა თქმა უნდა, [დაფინანსების შეჩერება] შანტაჟია. რა თქმა უნდა, დაძალება იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, მოთხოვნები შეასრულებინოს და დარწმუნებული ვარ, 90% ამას შეძლებს. თუ ახლანდელი ე.წ. ხელისუფლების მეშვეობით არა, მოვა სხვა, რომელსაც ამას გააკეთებინებენ. გამოვრიცხავ, აფხაზები ჩვენკენ შემობრუნდნენ. ვხედავთ აფხაზების რეაქციას. დღეს აფხაზეთის მოსახლეობა ორიენტირებულია რუსეთისკენ, რადგან "უსაფრთხოების გარანტს" მასში ხედავს. ამასთან, ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას ადანაშაულებს არა იმას, რატომ უთმობს ის რუსეთს, არამედ ცუდად უთმობს და რუსეთთან ურთიერთობები მეტი მოქნილი არ არის. ე.წ. ოპოზიცია რომ მოვიდეს, მას უფრო მოქნილად შეუძლია გააკეთოს ის, რასაც რუსეთი ითხოვს. ყველა შემთხვევაში, ხვალ და ზეგ კონკრეტული მოთხოვნებიდან ზოგიერთს რუსეთმა, შესაძლოა, ბჟანიას დროსაც მიაღწიოს, ე.წ. არჩევნებამდე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. თუ არადა, რუსეთი ამას მომდევნო პოლიტიკური ელიტის მოსვლის შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ქართულ-აფხაზური დიალოგი უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. როგორც მან აღნიშნა, აფხაზების მხრიდან, პირველ ეტაპზე არა შემოერთებაზე საუბარი, არამედ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობებზე იქნება.
ვახტანგ ყოლბაია კი მიიჩნევს, რომ ე.წ. მთავრობა თბილისთან რაიმე სახის ურთიერთობისთვის მზად არ არის.