თბილისის მერმა დღეს მისი მერობის ერთი წელი შეაჯამა. კახა კალაძემ ისაუბრა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო ერთ წელში დედაქალაქში განხორციელდა.
BM.GE-მ დედაქალაქის მერს სთხოვა დაესახელებინა ის პრობლემები, რომლებიც თბილისში არსებობს.
„შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. ეს დასკვნები უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და ექსპერტებმა, თუ რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში. მართლაც დიდი სამუშაოები იქნა ჩატარებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა არის მოგვარებული.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული რაიონები, სადაც მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. გვაქვს ყველა რაიონში შენობა-ნაგებობები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია, ძველი თბილისის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ მძიმე მდგონარეობაშია, ავტობუსებთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ეს პრობლემა იქნება მოგვარებული.
ყველა მიმართულებით, რაზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, ეს იყო 7 პოლიტიკა, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ქალაქისთვის, ყველა მიმართულებით ნაბიჯები იქნა გადადგმული. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდა კონკრეტულ კანონპროექტებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში ყველაფერი მოგვარებულია“,- აცხადებს კახა კალაძე.