ბოლო ერთი კვირაა, სამწუხაროდ, 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე გაჩერდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აცრების ყოველდღიურ მაჩვენებლებში ბუსტერის დოზით აცრის რაოდენობა მზარდია.
„ბოლო ერთი კვირაა, სამწუხაროდ, 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე გაჩერდა, პირველი დოზით ჯერ მხოლოდ 86 000 ადამიანია აცრილი. ასევე მთლიანად აცრების რაოდენობაში უკვე იზრდება ბუსტერის და ასევე მეორე დოზების გამოყენება. ამიტომ სულ მეტი მოწოდება გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი აუცრელი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების ჯერ მხოლოდ დაახლოებით 50%-ია აცრილი.
ცნობისთვის, 60 წელს ზემოთ პირები 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, რომლებიც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.




























