NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის ვერ გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, ამიტომაც არ ისაუბრებს იმის შესახებ მიაჩნია თუ არა სწორად მთავრობის მიერ COVID რეგულაციების დარღვევის ჯარიმების ჩამოწერა და რეგულაციების შემსუბუქება.
“არ ვაკეთებ მე პოლიტიკურ შეფასებებს. ის რაც თქვენ ახლა შესავალში თქვით, განა არ შემიძლია პასუხი გავცე, მაგრამ მაშინ პოლიტიკურ დისკუსიაში უნდა შემოვიდე. გითხარით მთავარი გზა იმისა, რომ დღეს პანდემია შევაკავოთ და დავამარცხოთ გადის ვაქცინაციაზე. 2 მილიონი დოზა უკვე დევს და კიდევ ერთი მილიონი უნდა შემოვიდეს. ბოლო 1 კვირაში ყოველდღიურად 19 ათასი ადამიანი იცრება და დღეს კიდევ 23 ათასი აცრა იქნება. თანდათანობით ამ კვირაში ყოველდღიური აცრებით უნდა ავიდეთ 25 ათასზე. ჩვენ ქართველებს გვაქვს გამოთქმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე განვაცხადე, რომ თუკი ჩვენ აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში თვეში ჩავატარებთ მილიონ აცრას, ეს არის დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანის სამყოფი დოზა. თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ სწრაფად შევაკავებთ ეპიდემიას.
ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი. მაგრამ რეალური არის ის, რომ ჩავატაროთ 600-700 ათასი აცრა თვიურად. აგვისტოში ჩემი პროგნოზით 600 ათას აცრილზე გავალთ. სექტემბერში უნდა ავწიოთ ეს თვეში 800 ათასამდე, ოქტომბერში კიდევ 800-900 ათასამდე და ეპიდემია შეკავდება,”- ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის განცხადებით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ს აცრის გეგმა ძალაშია.
"მოსახლოების 60%-ის აცრის გეგმა ძალაშია და ეს უნდა მოვასწროთ. იმ საშუალებების ფარგლებში რაც ქვეყანას აქვს სრულდება. ჩვენ ვინდა რომ შევედაროთ ამერიკას და შვეიცარიას, მაგრამ დღეს რომელი ქვეყნების მოსახლეობაა აცრილი 50%-ზე მეტად? ყველა ასეთი ქვეყანა არის OECD-ის წევრი ქვეყნები, ანუ მდიდარი ქვეყნები. დღეს არსებული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის არასამართლიანობა ვაქცინების განაწილებაში. თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე ქვეყანას, რომელიც ჩვენი ტიპის ეკონომიკური განვითარების დონეზეა და გაზაფხულზევე აცრა მოსახლეობის 50%, მე უკან წავიღებ ჩემ სიტყვებს,"- ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა გამყრელიძემ.
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში 16,028 ადამიანი აიცრა, ჯამურად კი ორჯერადად აცრილია 197,118 ადამიანი, ერთი დოზით კი 444,124 ადამიანი. შესაბამისად, ერთი დოზით მაინც აცრილია მოსახლეობის 11.9%, ხოლო ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 5.28%.
დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ღია სივრცეში 5 კაცზე დიდი შეკრების დროს პირბადის ტარება სავალდებულოა.



























