მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძის თქმით, NCDC-ს შსს-ს მიერ პირბადის არტარებაზე დაჯარიმებულთა სტატისტიკა არ აქვს

61c0578226624
ინგა მურუსიძე
20.12.21 14:45
725
"თუ პირბადის ტარების სამარცხვინო, 28%-იან მაჩვენებელს 90%-მდე ავიყვანთ, ყოველთვიურად 150-200 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან პირბადის არტარებისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების სტატისტიკას შსს ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებს. აღსანიშნია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს covid-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერათ.

სწორედ ამიტომ, BMG დაინტერესდა, რა ინფორმაცია აქვს ამირან გამყრელიძეს პირბადის არტარებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების სტატისტიკის შესახებ და ზოგადად, თუ იცის, შსს აჯარიმებს თუ არა ადამიანებს ამ წესის დარღვევისთვის.

NCDC-ის დირექტორი აცხადებს, რომ მან დაჯარიმებულთა სტატისტიკური მაჩვენებლები ზუსტად არ იცის, თუმცა უწყებათშორის საბჭოზე როგორც შსს, ისე საკოორდინაციო შტაბი და შრომის ინსპექცია სტატისტიკურ მაჩვენებლებს აჟღერებენ.

„ჯარიმების სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ შარშანაც და წელსაც ადამიანებს აჯარიმებენ. მოგეხსენებათ, მოხდა გარკვეული ჯარიმების ანულირება, თუმცა მოსახლეობას მოვუწოდებ, ატარონ პირბადე. სადღეგრძელოს არ ვამბობ, ციფრებს ვაყოლებ ყველანაირ მოწოდებას. გავითავისოთ ის, რომ ჯარიმა აუცილებელია, თუმცა მარტო ჯარიმა არ არის. ქართველები ღვედს არ იკეთებდნენ, თუმცა ახლა გაითავისეს, რომ ეს აუცილებელია. გეუბნებით, გავუწიოთ სოლიდარობა ერთმანეთს.

ერთმანეთს ამაში მაინც უნდა გავუწიოთ სოლიდარობა, ყველამ ერთმანეთის გამო რომ გავიკეთოთ პირბადე და ავიყვანოთ მაჩვენებელი სამარცხვინო 28%-დან 90%-მდე, ყოველთვიურად 150-200 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები