ტურისტული კომპანია Queen Tamada დამფუძნებელი გიორგი დარციმელია ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
მისი თქმით, ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობა გადაითარგმნება ინვესტირების მხრიდან გამქრალ ინტერესში, გაუარესებულ სერვისებში და შემცირებულ შემოსავლებში.
„ეს არა მხოლოდ ტურიზმზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას, არამედ ზოგადად, ეკონომიკაზე. გამყვან ტუროპერატორებს რომ შეექმნებათ უზარმაზარი პრობლემები, ეს ცხადია. თავისთავად ეს გაართულებს და გააძვირებს კიდევაც ტურისტულ პაკეტებს, მაგრამ ეს არის აისბერგის წვერი, ამას მოჰყვება ბევრი სხვა რამ. უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი - ერთი ეს არის თავად მიმოსვლის გაადვილება, რომლითაც საქართველო სარგებლობდა და ამას უამრავი სარგებელი მოჰყვებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ის ფული, რომელიც შემოედინება ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავისთავად შემცირდება. ეს არის სტატუსის სერიოზული დაქვეითება როგორც ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირთან მიმართებით უკან დაიხია.
ეს აისახება ქვეყნის მიმზიდველობაზე, მის სტატუსსა და იმიჯზე, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ტურიზმის მიმართულებით. გარკვეულწილად დაიწევს სტანდარტი და ის პრაქტიკა, რომელიც შემოდის ევროკავშირიდან. შესაბამისად, შემცირდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. მოგეხსენებათ, აქამდეც არ ვიყავით სერვისების მხრივ მაღალ დონეზე.
მას შემდეგ რაც უვიზო გვაქვს მოგზაურობის რიცხვიც გაიზარდა, სერვისებიც გაიზარდა, ხარჯვაც გაიზარდა და ამას უნდა მიექცეს ყურადღება, რამდენი ფული რჩება ქვეყანაში კონკრეტული ტურისტის შემოსვლის შემდეგ, იცით რომ ევროპელი ტურისტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადამხდელია.“ - განაცხადა დარციმელიამ.




























