განახლებული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის ხვალიდან, 1-ელი ივლისიდან იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ცნობისთვის, ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის თებერვალში დაიკეტა. მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მიმავალ 2,5-კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე არსებული 11 ხიდის სრულფასოვანი რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოები. ასევე, ოკაცეს კანიონის 1 000 მეტრამდე სიგრძის კიდული ბილიკის ძველი საღებავისგან გასუფთავება და განახლება.
რაც შეეხება ოკაცეს კანიონში შესვლის ღირებულებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ღირებულება გაზრდილია. ოკაცეს კანიონში შესვლის ღირებულება საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარით განისაზღვრა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარია.