განათლების სპეციალისტები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გაცხადებულ პრიორიტეტებს ეხმიანებიან. პრიორიტეტებს შორის განათლება, ინოვაციები და ახალგაზრდობა დასახელდა. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმღვანელი შალვა ტაბატაძე და განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, მამუკა ბახტაძის განცხადებაში სიახლეს ვერ ხედავენ. ექსპერტების თქმით, ყველა, ვინც მთავრობაში მოდის იგივეს ამბობს, მაგრამ საჭირო რეფორმებს ვერ ახორციელებს. სპეცილაისტები იმ საჭიროებებზეც საუბრობენ, რაც დღეს განათლების სისტემას აქვს.
„პრიორიტეტი უნდა იყოს, არა განათლების დაფინასების განსაკუთრებული ზრდა, არამედ იმ ფულის რაციონალური ხარჯვა, რაც დღესაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს და უნივერსიტეტის პროფესორებს არ სჭირდებოდეთ ბევრ ადგილას მუშაობა. შესაბამისად, იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც წარმატებები აქვთ და ვისაც სკოლა თავის ძირითად სამუშაო ადგილად წარმოუდგენია, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რომ კონკურენცია გაუწიონ დასაქმების სხვა ადგილებს. მეორეც, უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვნად გასაზრდელია კვლევების დაფინასნება, არა უბრალოდ ფულის ჩადებით, არამედ კონკრეტული პროექტებით. სახელმწიფომ კვლევით ორგანიზაციებს, პირველ რიგში უნივერსიტეტებს უნდა შეუკვეთოს კონკრეტული პროექტების დამუშავება, პრობლემების გამოკვლევა, გამოსავალის მოძებნა და ა.შ. ეს იქნებოდა კარგი საშუალება, რომ არა მხოლოდ კვლევები განვითარდეს, არამედ პირდაპირ სარგებელიც მიიღოს სახელმწიფომ”, - აცხადებს სიმონ ჯანაშია.
კომპლექსური მოდგომების საჭიროებას ხედავს შალვა ტაბატაძეც.
„კომლექსურად უნდა გატარდეს რეფორმები. უნდა იყოს გასაკეთებელი საქმის ჯაჭვი და იმის მიხედვით ფინანსები. ფინანსები იმაში კი არ უნდა წავიდეს, რაც არის, იმ ახალში, რასაც გააკეთებენ. 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით ნახევარი მილიარდით გაიზარდა განათლების ბიუჯეტი, თუმცა არაფერი არ დატყობია განათლების სისტემას. თუ რეფორმა იქნება გააზრებული, შესაბამის ფინანსების გამოყოფა იქნება მნიშვნელოვანი. რომ ვთქვათ, მოდი სკოლა გავაძლიეროთ და უმაღლესს, პროფესიულს, სკოლამდელს და მეცნიერებას თავი დავანებოთ, არ არის სწორი. ის ჩავარდნა რომელიც სკოლამდელ პერიოდში გვექნება სასკოლოში აუცილებლად აისახება. თუ აკეთებ, უნდა გააკეთო ყველა ჯაჭვი. თუმცა სისტემის ყველაზე დიდი რგოლი სასკოლო განათლებაა და შესაბამისად ყველაზე მეტი აქცენტი ამ მიმართულებით წავა, ნებისმიერ შემთხვევაში. ჯერ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, რამდენი ფული სჭირდება. იქნებ გვყოფნის რაც გვაქვს, ან იქნებ 3-ჯერ მეტი გვჭირდება? ეს იმაზეა დამოკიდებული რას ვაკეთებთ. ფულს მორგებული რეფორმა კი არა, რეფორმას მორგებული ფული სჭირდება განათლებას.“- განაცხადა შალვა ტაბატაძემ.