„საჯარო განათლებაზე მიმართული მაღალი ხარჯი დაბალანსდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ტემპისკლებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული.
„ფისკალური დეფიციტი სტაბილური იქნება როგორც 2019 წელს ასევე საშუალოვადიან პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ფისკალური მდგრადობის მიზნის ერთგული რჩება. საჯარო განათლებაზე მიმართული მაღალი ხარჯი დაბალანსდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ტემპის კლებით. განათლების სექტორში გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს“, - აცხადებს სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ ლიპტონი.
ცნობისთვის: ამა წლის 19 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა.
აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility (EFF)).
ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება.
საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130).
IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია.
„ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა აუცილებელია განათლების ხარისხის ზრდისთვის, ასევე სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შესამცირებლად“, - წერია რელიზში.

























