მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განათლების სამინისტრო გასაიდუმლოებული ორგანიზაცია გახდა" - მკვლევარი

რეზო აფხაზავა

„განათლების სამინისტრო გასაიდუმლოებული ორგანიზაცია გახდა“ - ამის შესახებ განათლების მკვლევარმა რეზო აფხაზავამ Bm.ge-სთან ინტერვიუში სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო ჩაიკეტა და იქიდან რაიმე სახის ინფორმაციის მიღება უკვე თითქმის შეუძლებელია.

„რეალურად, ადრე მეტ-ნაკლებად ხელი მაინც მიგვიწვდებოდა ინფორმაციაზე და ანალიზის საშუალებას გვაძლევდნენ, დღეს სტატისტიკაზეც აღარ მიგვიწვდება ხელი, იმდენად დახურული გახდა სისტემა“, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც რეზო აფხაზავა ამბობს, განათლების სექტორი არის პოლიტიზებული და მას განათლების ამოცანები აღარ აქვს. როგორც აფხაზავა ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ უწყებას ახლა მხოლოდ საარჩევნო ხმების მოგროვების ამოცანა აქვს.

„განსაკუთრებით რეგიონებში, სკოლები და მასწავლებლები აღიქმება „ელექტორალური მოსავლის“ მიღების შესაძლებლობად. მასწავლებლები ჰყავთ აგიტატორებად, დირექტორები - საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებად და ა.შ. შესაბამისად, განათლების სამინისტროს განათლების მიზნები არ აქვს, ამით კი ზარალდება განათლების ხარისხი, ანუ ჩვენი შვილები“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, მინისტრები ინიშნებიან იმ ნიშნით, რომ საარჩევნო ამოცანები შეასრულონ.

„ნაცმოძრაობის დროსაც ასე ხდებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხშია აყვანილი. მათ არ აქვთ საგანმანათლებლო მიზნები. ეს მიზანმიმართულია, რომ ერთი მხრივ, ადამიანებს კრიტიკული აზროვნება არ განუვითარონ და მეორე მხრივ, სკოლის თანამშრომლები ჰყავდეთ დოტაციაზე“, - ამბობს განათლების მკვლევარი და მიიჩნევს, რომ ქვეყნის განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, მისი დეპოლიტიზება უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები