განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რაც BM.GE-ს გიორგი ამილახვარმაც დაუდასტურა.
„2 დღეა რაც მივედი, გავეცნობი, ჩემს რჩევებს მივცემ უნივერსიტეტს და დანარჩენს თავად უნივერსიტეტის მესვეურები გადაწყვეტენ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია:
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.
გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე“.
ცნობისთვის: 2023 წელს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” გაიყიდა. სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, დღეისთვის „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი, "კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელიაა.