მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებული "ბავშვთა სამყაროს" მშენებლობა შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს

5cfb84cfb89f5
ლიკა გურაბანიძე
08.06.19 14:10
1536

განახლებული „ბავშვთა სამყაროს“ მშენებლობა შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს. როგორც BM.GE-ს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ ერთ-ერთმა აქციონერმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, ამჟამად სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ საქმე სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდება მშენებლობა დაიწყება.

„სასამართლოს დასრულებას ველოდებით. თუ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა ალბათ დაზღვევა თანხას მოგვცემს და დავიწყებთ მშენებლობას. მოგეხსენებათ სასამართლო პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ შემოდგომიდან დავიწყებთ.

ჩვენ პროკურატურა გვედავება. პირადად ჩემზე დაუდევრობის მუხლით არის საქმე აღძრული“ - განუცხადა BM.GE-ს მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ამ საქმეზე გამოძიება დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 პირი, თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია.

ობიექტს 1000-მდე დაზარალებული მოვაჭრე ჰყავს. მიყენებული ზარალი 18 მილიონ ლარზე მეტია.

გამოძიების დასრულებამდე ყადაღა ადევს "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიას, რის გამოც აქციონერები ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, არ განიხილება ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანა. გამოძიების დასრულების შემდეგ ახალ სავაჭრო სივრცეს საკუთარი რესურსებით თავად აქციონერები მოაწყობენ. წინასწარი გათვლებით ახალი ბავშვთა სამყაროს ასაშენებლად საჭირო ინვესტიცია 10 მილიონი დოლარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები