საავტომობილო დარგში კლების ტენდენცია გრძელდება. წელს 5 თვეში მსუბუქი ავტომობილების როგორც რეექსპორტი, ასევე იმპორტი შემცირებულია. იანვარ-მაისში რეექსპორტზე სულ 734.5 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 24.6%-იანი კლებაა. 1.2 მლრდ დოლარამდე 20.2%-ითაა შემცირებული ავტომობილების იმპორტიც.
როგორც საავტომობილო დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, ექსპორტის კლების ტენდენცია ძირითად სარეექსპორტო ბაზრებზე არსებული სტრუქტურული ცვლილებების გამო ამ დრომდეც ფიქსირდებოდა.
თუმცა როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან აცხადებს, აპრილიდან მთავრობის მიერ 6 წელზე ზემოთ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების მკვეთრმა, თითქმის 6-ჯერ ზრდამ ბაზარზე არსებული ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ალექსი ნონიაძის თქმით, დილერების დიდმა ნაწილმა, რომლებიც სწორედ რეექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულები, საქმიანობა შეაჩერა.
მისი თქმით, რეექსპორტ-იმპორტში კლების ტენდენცია მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მკვეთრი იქნება, რადგან ამ დრომდე საქართველოს ბაზარზე მათ შორის ის ავტომობილები შემოდიოდნენ, რომელთა ტრანსპორტირებაც განბაჟების მკვეთრ გაძვირებამდე იყო დაწყებული.
“[აქციზის ზრდა] რეექსპორტს პირდაპირ ურტყამს, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი დილერისთვის დაზღვევის მექანიზმი იყო შიდა ბაზარი. რეექსპორტზე მანქანას ვერ ყიდის, ყიდის შიდა ბაზარზე. ახლა კი ფაქტობრივად რეექსპორტისთვის შემოყვანილ მანქანას ქართველი დილერი შიდა ბაზარზე ვერ გაყიდის მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ხუთჯერ და ექვსჯერ არის გაძვირებული აქციზის გადასახადი. ადრე თუ უჯდებოდა პირობითად 1000 ლარი, ახლა უჯდება 6000 ლარი იგივე ავტომობილის განბაჟება. ამ გამოწვევებისა და მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რომ ქართველ დილერს იმისი და შესაძლებლობა ეკარგება, რომ რაც შეიძლება მეტი მანქანა შემოიყვანოს, ან ის რაოდენობა, რაც აქამდე შემოჰყავდა, რომ მერე რეექსპორტზე გაიყვანოს, ხომ? მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ რეექსპორტის ბაზრებზეც მთელი რიგი გამოწვევები გვქონდა.
აქციზის ზრდამ გამოიწვია, ის რომ კომპანიების დიდ ნაწილს სამუშაო ვაჭრობა შეუმცირდა, სადღაც 60-70%-ით. დილერების დიდი ნაწილი უკვე რეექსპორტის ბაზარზე ვერ მუშაობს და დაეტყო. ვისაც ამ უახლოეს პერიოდში ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ყველა მოსწრებაზე იყო, თითქმის ყველა მომხმარებელმა იყიდა, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა. ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა ველოდოთ შიდა ბაზარზე მეორადი ავტომობილების გაყიდვების შემცირებას”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს 5 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ძირითადი კლება საქართველოსთვის მთავარ პარტნიორ ისეთ ბაზრებზე ფიქსირდება როგორიცაა ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი. რიგ ქვეყნებში კი მაგალითად, ირანში, ტაჯიკეთში და სომხეთში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა.




























