საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ.
იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად",- აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის, რომელიც მეშვიდე ანგარიშია ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.
ცნობისთვის, 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.