საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიციას არ იცვლის და "ქართული ოცნების" მთავრობასთან ახალი პროგრამის დაწყებას მხოლოდ მთავრობის მხრიდან პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში განიხილავს. ამის შესახებ "ანალიტიკა"–სთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენლის ენდრიუ ჯუელის მოკლე პასუხიდან ხდება ცნობილი.
პროგრამის მოთხოვნა გულისხმობს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული რეფორმების დღის წესრიგისთვის მთავრობის მზაობის დეტალურ გაწერას და შემდეგ – ამ რეფორმების შესრულების საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მონიტორინგს და მათ ჩათვლას. სწორედ ამ ჩათვლაზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა დროში გაწერილი მიმოხილვები და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა პროგრამა. პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერასაც გულისხმობს, თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ინვესტორების ნდობის გასაზრდელად, თავად ამ პროგრამის არსებობა იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ბოლოს სწორედ ასეთი პროგრამა ჰქონდა – SDR-ებში გამოსახულ დამტკიცებულ სესხს არ ითვისებდა, თუმცა საერთაშორისო არენაზე ფისკალური დისციპლინის და მაკროეკონომიკური პარამეტრების სიჯანსაღეს მეტ წონას სძენდა.
2023 წელს, 2025 წლის ივნისამდე გათვლილი პროგრამა ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი ისე გაუვიდა ვადა, რომ არც განახლებულა. მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან გაჩენილი სერიოზული კითხვები და რეფორმების შეუსრულებლობა გახდა – მათ შორის, ყველაზე კრიტიკული სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა იყო, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ამ საწარმოების კვაზი–ეკონომიკური ბუნების და მათი საარჩევნო თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის მოშლას მოითხოვდა.
პროგრამის შეჩერებიდან ორი წლის თავზე – მას შემდეგ, რაც პროგრამას ვადა გაუვიდა, ბუნებრივად გაუქმდა და რეფორმის დეტალურ მონიტორინგს IMF-ი ვეღარ შეძლებდა – ირაკლი კობახიძემ პროაქტიულად წამოაყენა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დღის წესრიგი და განაცხადა, რომ დაწყებული პროცესის შედეგად სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი ლარი უკვე დაიზოგა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამ მოცულობის თანხის დაზოგვა მხოლოდ საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეს არგუმენტი საკმაოდ საეჭვოა ანალიტიკოსთა ნაწილისთვის, რომელთაც არ სჯერათ, რომ 700 მილიონ ლარში – რაც მათი მოსაზრებით, მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო რესურსების ფლანგვად უნდა შეფასდეს, კონკრეტული პასუხისმგებელი პირებიც უნდა გამოიკვეთონ და პასუხიც აგონ – იქნება შესყიდვებში, ტენდერებში არაკეთილსინდისიერი, კორუფციული გარიგებებიც. როგორც ჩანს, უფრო ღრმად, რამ გამოიწვია 700 მილიონი ლარის დაზოგვა, ქართული ოცნების მთავრობა დაინტერესებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, ამ ფონზე, "ანალიტიკა"–ს ყურადღების ცენტრში მოექცა ინფორმაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუელს შეხვდა.
"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია გვატყობინებდა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო IMF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა.
„შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს," - ეწერა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამთავრობო უწყებებში ბოლო დროს ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, რა თქვა მეორე მხარემ – ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა – ოფიციალურ ინფორმაციაში ასახული არ ყოფილა. შესაბამისად, კითხვებით და ინტერვიუს მოთხოვნით "ანალიტიკა"–მ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლობას მიმართა.
აშკარად შესამჩნევია ტენდენცია, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ყოველთვის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ და არასდროს ამბობდნენ უარს, კითხვებზე დეტალური პასუხები გაეცათ – ქართული ოცნების დასავლეთთან დაპირისპირების და ამ პოლიტიკური ძალის საერთაშორისო ლეგიტიმაციის, სულ მცირე, დასუსტების კვალდაკვალ – ან სრულად დუმილს ან მოკლე წერილობითი პასუხების დაბრუნებას არჩევენ.
ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ენდრიუ ჯუელის შეხვედრის შემდეგ, ბატონ ჯუელს 2 კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ.
- რას ეხებოდა ეს შეხვედრა; იყო თუ არა საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე და რა საკითხები განიხილეს ლევან ჟორჟოლიანთან?
- რა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე და რა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია დღეს – ქართულმა ოცნებამ რეფორმის მათი რეკომენდაციების შესაბამისად აღსრულება დაიწყო?
"ანალიტიკას" მეორე კითხვა ენდრიუ ჯუელმა უპასუხოდ დატოვა. პირველ კითხვაზე კი ზუსტად ორი წინადადების მოწერით შემოიფარგლა: „ხელისუფლებას არ მოუთხოვია ახალი პროგრამა. ჩვენი ნორმალური დიალოგი ხელისუფლებასთან გრძელდება – მათ შორის, სხვადასხვა სფეროში ტექნიკური მხარდაჭერის გზით“.
2023 წელსაც, როცა პროგრამა შეჩერდა და ახლაც, განმარტების გარეშე რჩება რას ნიშნავს ‘ნორმალური დიალოგი’, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი იგივე პოლიტიკური ძალის არსებითად იგივე ხელისუფლებას მასთან კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა – წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, არაფერი შეგვითანხმა და ისე მიიღო სებ–თან დაკავშირებით გადაწყვეტილებებიო; ან როცა – ამ ფონზე, ქვეყანას პროგრამა შეუჩერა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მეოთხე მუხლის შეხვედრებს – მეოთხე მუხლის კონსულტაციებს – ყველა ქვეყანასთან მართავს იმის მიუხედავად, ქვეყანას ცალკე ინდივიდუალური პროგრამა აქვს თუ არა – თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს მანდატი მაკროეკონომიკური სიჯანსაღის შეფასებას ეხება, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ცალკე არსებული პროგრამისგან განსხვავებით, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არც შეწყვეტას და არც შეჩერებას არ ექვემდებარება.




























