მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილება, თუ არა ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვა? - ონოფრიშვილის პასუხი

დავით ონოფრიშვილი

მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდებიან. როგორც დავით ონოფრიშვილმა bm.ge-ის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, შეხვედრის ინიციატივა ნათია თურნავას ეკუთვნის.

კონკურენციის სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს. სააგენტო გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება.

„ნამდვილად იყო რეკომენდაციები გაცემული, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა კონკურენციის სააგენტომ, რეკომენდაციების ნაწილი ჩვენი გასაკეთებელია, ნაწილი - ეროვნული ბანკის და ნაწილი - ერთობლივად. უწყებებმა ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მიმდინარე კვირაში ვხვდებით სადაზღვევო კომპანიებს, რომ მათგან მოვისმინოთ პოზიცია. მე უკვე ვიცი, რომ ნაწილი გარკვეულწილად მომხრეა, რომ ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობდნენ, ნაწილი წინააღმდეგია და ნაწილი - ნეიტრალური. ამ შეხვედრის შემდეგ კი ეს პოზიციები უფრო გამოიკვეთება. გარდა ამისა, ვისაუბრებთ რეკომენდაციებზეც. რეკომენდაციების შესრულება გამოჩნდება უფრო მალე. ჯერ ჩვენ თვითონ ვმუშაობთ კონკრეტიკაზე და მერე ვნახოთ. პოზიციებს დავაზუსტებთ სადაზღვევო კომპანიებთან - რას გვეტყვიან. ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

კითხვაზე, რაიმე დონეზე განიხილება, თუ არა რომ ბანკებს აეკრძალოთ სადაზღვევო კომპანიების ფლობა, ონოფრიშვილი პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, მიმდინარეობს ამ წინადადების შესწავლა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად აღემატება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას. ჩვენ შეიძლება ამ მიმართულებით შეიძლება რეკომენდაცია გავცეთ, თუმცა ნაბიჯების გადადგმა არ შეგვიძლია, ამას ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ პოზიცია შეხვედრების შემდეგ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, აქ მაინც უნდა დავეფუძნოთ იმას, რომ კონკურენციის პრინციპები იყოს დაცული. ძალიან რთული საკითხია, წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები